გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შესახებ კლუბს შეთავაზება არ მიუღია.
პარენსენის განცხადებით, „შტურმისთვის“ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეცდებიან, რომ ის შეინარჩუნონ.
„მას კონტრაქტი აქვს და ველოდები, რომ ჩვენთან დარჩება. ეს ჩვენი მიზანი აშკარად არის. კიტეიშვილი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა, თავისი ხარისხით და მენტალიტეტით ზედიზედ ორ ჩემპიონობაში წვლილი შეიტანა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის შენარჩუნებასაც, რა თქმა უნდა, ვეცდებით. ამ ეტაპზე მის შესახებ კონკრეტული შეთავაზება არ მიგვიღია“, - თქვა პარენსენმა.
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის ეგიდით 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თანაც ზედიზედ მეორედ. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, სადაც გოლი გაიტანა, ფრანგული „ლილის“ კარში.
კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და ოთხი ტიტული მოიგო: 2024 და 2025 წლებში ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი, ხოლო 2023 და 2024 წლებში ასევე ზედიზედ ორჯერ ავსტრიის თასი.









