ფეხბურთი

23:25 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს!
გიორგი მიქაუტაძე სავარაუდოდ, "ლიონს" დატოვებს

"ლიონი", რომლის რიგებში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ფინანსური დარღვევების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ შანსი იმისა, რომ განაჩენი შეიცვალოს, არცთუ დიდია.

ფრანგული კლუბების ფინანსური კონტროლის სააგენტომ (DNCG) „ლიონის“ ფინანსური სიტუაციის შესწავლის შემდეგ ზემოხსენებული განაჩენი გამოიტანა.

„ლიონი“ რომ ლიგა 2-ში დაქვეითდებოდა ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ჯერ კიდევ 15 ნოემბერს გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, კლუბმა ვერ მოახერხა ვალების გასტუმრება, რომელიც 500 მილიონ ევროსაც კი აჭარბებს.

"ლიონმა" განცხადებით დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: "ლიონი" ადასტურებს DNCG-ის მიერ დღეს საღამოს მიღებულ გაუგებარ გადაწყვეტილებას და ადასტურებს, რომ დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს მას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით DNCG-თან, დავაკმაყოფილეთ მისი ყველა მოთხოვნა. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2025-2026 წლების სეზონისთვის საკმარისზე მეტი რესურსი გვაქვს. გულწრფელად არ გვესმის, თუ როგორ შეიძლებოდა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შედეგად ასეთი დიდი ფრანგული კლუბის დაქვეითება. გავასაჩივრებთ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები, უზრუნველვყოთ საჭირო ფინანსური რესურსები, რომ "ლიონმა" ლიგა 1-ში თამაშის გაგრძელება შეძლოს“.

გასული სეზონი „ლიონმა“ მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, რითაც ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი მიქაუტაძემ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, მის მიმართ ინტერესი ევროპული გუნდებიდან საკმაოდ იყო და წესით, „ლიონის“ დაქვეითების შემდეგ ქართველ ფორვარდს ახალი გუნდის პოვნა არ გაუჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09509