პორტუგალიაში დიდი სკანდალი ატყდა: საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, „პორტუს“ აეროპორტში აგრესიული გულშემატკივრების ჯგუფი დახვდა. გულშემატკივრებმა კლუბის შედეგებით უკმაყოფილება გამოთქვეს და ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს. პოლიციას ბრბოს დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენება მოუწია.
ინციდენტი ოთხშაბათს ფრანსისკო სა კარნეიროს აეროპორტში მოხდა. Record-ის ცნობით, „პორტუს“ ხელმძღვანელობამ ამ სეზონში პირველად გადაწყვიტა გუნდის აეროპორტიდან VIP ზონის გავლით გაყვანა - ჩვეულებრივი გასასვლელი გულშემატკივრებმა გადაკეტეს. დაახლოებით 50 ადამიანი ფეხბურთელებს კლუბის პრეზიდენტის, ანდრე ვილაშ-ბოაშის მიმართ შეძახილებით, სასტვენებითა და შეურაცხყოფით შეხვდა. გულშემატკივრებმა „ჩელსისა“ და “ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს.
გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, ინციდენტების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. როდესაც კლუბის ავტობუსი აეროპორტიდან გამოდიოდა, გულშემატკივრებმა გზა გადაუღობეს. პოლიცია იძულებული გახდა ჰაერში რეზინის ტყვიები ესროლა ბრბოს დასაშლელად. საპასუხოდ, გულშემატკივრებმა რამდენიმე მაშხალა ისროლეს.
გულშემატკივრებს ნამდვილად აქვთ უკმაყოფილების მიზეზი: „პორტუმ“ ცუდად ითამაშა ტრნირზე. გუნდმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ვერ გავიდა.
მარტინ ანსელმის გუნდმა ფრედ ითამაშა „პალმეირასთან“ (0:0), დამარცხდა „ინტერ მაიამისთან“ (1:2) და ქულები გაიყო „ალ-აჰლისთან“ (4:4).