ფეხბურთი

21:15 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

BBC-მ ლუკა ხარატიშვილი გამოარჩია: "მამარდაშვილის მსგავსად ტოპლიგებისგან არც ისე შორს უნდა იყოს"

BBC-მ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატიდან 5 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც ყველაზე მეტად გაიბრწყინეს.

გერმანელ ნიკ ვოლტემადესთან, ფრანგ ჯაიუ სისესთან, ინგლისელ ჩარლი ქრესველსა და პორტუგალიელ ჯოვანი კენდესთან ერთად, ხუთეულში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მეკარე ლუკა ხარატიშვილიც მოხვდა.

ცნობილმა გამოცემამ კი, სტატიაში 22 წლის კარის დარაჯის შესახებ დაწერა:

„მეკარეობა მარტოსულობასთან ასოცირდება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე სულაც არ იყო მარტოსული ლუკა ხარატიშვილი, რომელიც ტურნირის განმავლობაში ძალიან დაკავებული იყო. „დინამო ბათუმის“ 22 წლის ფეხბურთელი ტურნირზე თავისი ქვეყნისთვის გამორჩეული მოთამაშე იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამ მატჩში 8 გოლი გაუშვა, საქართველოსთვის შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით უარესად ყოფილიყო, რომ არა მათი პირველი მეკარის რამდენიმე შესანიშნავი სეივი.

მხოლოდ საფრანგეთთან წაგებულ (2:3) მატჩში 6 დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი ისეთი, რომელიც ტურნირის საუკეთესო სეივებშია. ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშში პოლონეთთან ბოლო წუთზე შესანიშნავი სეივიც მიითვალა, რითაც გუნდს მოაგებინა (2:1). სამწუხაროდ, ეს 3 ქულა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდს არ ეყო, მაგრამ მაინც ეს დიდი მომენტი იყო იმ ერისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ მონაწილეობდა.

თუ ხარატიშვილი ტურნირის წინ კლუბების რადარზე არ იყო, ახლა იქნება და თანამემამულის, გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, შესაძლოა, ევროპის ელიტარულ ლიგაში გადასვლასთან არც ისე შორს იყოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ხარატიშვილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 18 მატჩი ჩაატარა, მანამდე 17 და 19-წლამდე ნაკრებებშიც თამაშობდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ჯერ გამოძახებული არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088172