იტალიის ქალაქ კაორლეში გრძელდება თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი, სადაც დღეს ასპარეზობა დანარჩენ ხუთ წონაში დაიწყო და ხალიჩაზეც 5 ქართველი მოჭიდავე გავიდა.
86 კგ წონით კატეგორიაში დაჩი პაპინაშვილმა სლოვაკი ანტონ ვიჰივსკი (14:6), რუსი ალი შამიროვი (13:4) და პოლონელი ბარტლომეი ნოვაკოვსკი (11:0) დაამარცხა, ხოლო ხვალ ფინალში თურქ აჰმეთ იაღანს შეხვდება.
61 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი აქვს საბა ღამბაშიძეს, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ქართველიც რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ხვალ ალბანელ ერსიან კაშიკუს შეხვდება.
125 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე აბრამიშვილმა თურქი სერტაჩ აკსოი (2:1) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუს ინალ გაგლოევთან 0:10 წააგო, შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
92 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში საბა ყურაშვილი რუს არტურ ტოგოევთან 0:11 დამარცხდა, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ქართველი ხვალ რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
უმედლოდ დარჩა საბა კობახიძე (74 კგ), რომელმაც ორი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა, მისი მეტოქეც ფინალში ვერ გავიდა და საბა რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა ქოჩალიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ანრი ხოზრევანიძემ, ვახტანგ ლოლუამ, კობა ქამურიძემ და საბა ფურცელაძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.