უეფამ „კრისტალ პალასს“ ევროპა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა აუკრძალა და კონფერენს ლიგაზე გადაიყვანა.
ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ინტერესთა კონფლიქტით, რადგან „ლიონს“ და ინგლისურ კლუბს ერთი მფლობელი ჰყავთ. ვინაიდან, „ლიონმა“ ლიგა 1-ში დარჩენით ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებაც შეინარჩუნა, „კრისტალ პალასი“ რანგით მესამე ევროტურნირზე ითამაშებს.
ამ ორ კლუბს შორის უპირატესობა „ლიონს“ მიენიჭა, რადგან გასულ სეზონში შიდა ჩემპიონატში უფრო მაღალი ადგილი დაიკავა: „ლიონი“ მეექვსე ადგილზე გავიდა, ხოლო „კრისტალ პალასი“ მე-12 პოზიციაზე და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ინგლისის ასოციაციის თასის წყალობით მოიპოვა.
შედეგად, ლონდონურ კლუბს ახლა კონფერენს ლიგაზე თამაში მოუწევს, თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც აქვს. თავის მხრივ, დიდი შანსია, რომ „კრისტალ პალასის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე „ნოტინგემ ფორესტმა“ ითამაშოს, რომელმაც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.