ფეხბურთი

18:27 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "აბუაშვილით სწრაფად მოვიხიბლეთ, კვარაცხელიას პროფილის ფეხბურთელია"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ არპინონმა გიორგი აბუაშვილი მედიის წინაშე წარადგინა.

როგორც მან თქვა, აბუაშვილის იმედი გრძელვადიან პერსპექტივაში აქვთ და ის ხვიჩა კვარაცხელიასაც შეადარა:

„აბუაშვილი ახალგაზრდა და ნიჭერი ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ის ცოტა ხნის წინ წიტაიშვილის დახმარებით აღმოვაჩინეთ და მისი თვისებებით მაშინვე მოვიხიბლეთ. წიტაიშვილისგან საპირისპირო ფლანგის ფეხბურთელია, მემარჯვენე, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს. იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით დავიმატეთ. ვვარაუდობთ, რომ დაგვეხმარება, როგორც ამ სეზონში, ისე მომავალ წლებშიც. მასზე წნეხს არ ვახდენთ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას პროფილის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებში ჯდება“, - თქვა არპინონმა.

„მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, აბუაშვილისა და წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.

გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, 2021 წელს ის პორტუგალიაში გადაბარგდა, სადაც ორი წელი „პორტუ B-ს“ რიგებში გაატარა, ხოლო შემდეგ ცოტა ხანი რუმინულ „პეტროლულშიც“ ითამაშა. 2024 წლიდან გიორგი ფოთის „კოლხეთში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლით გამოირჩა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში აბუაშვილმა 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი, თავი სამ შეხვედრაში თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092808