დიდი ამბავია ბრიტანეთში ატეხილი მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯო ბარტონი ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონობას გამოეხმაურა და ისეთები ილაპარაკა, მხოლოდ ბრიტთა კუნძულის კი არა, სრულიად მსოფლიოს ფემინისტური საზოგადოება გადარია.
ჯო ბარტონმა ქალთა ევროპის ჩემპიონის ტიტულის აღმნიშვნელ თასს „არაფრისმომცემი თიხის თასი“ უწოდა და ისიც თქვა, რომ პენალტების სერია იყო ერთგვარი „სირცხვილისგან თავის არიდება“. ხოლო ქალთა ფეხბურთი, მისი აზრით, „ფსიქიკური ავადმყოფობაა“ და ის, წესით, არავის უნდა აინტერესებდეს.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ახლა არის ერთი გამიშვი-გამატარე და ბარტონის წარსულისა და აწმყოს კრულვა. ხოლო ამ კაცს მომავალი რომ აღარ გააჩნია, ამას მიმდინარე ამბების შემხედვარე, ალბათ თავადაც ხვდება.