საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე კიდევ ერთ კლუბს დაუკავშირეს - ამჯერად „კალიარის“.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, სარდინიული კლუბი დაცვის გაძლიერებას გეგმავს და სპორტული დირექტორის, გუიდო ანჯელოცის მიზანი გოგლიჩიძის შეძენაა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ემპოლი“ გოგლიჩიძეს დაახლოებით 8-9 მილიონ ევროდ აფასებს. ტოსკანური კლუბი სერია B-ში გავარდა, შესაბამისად, ქართველ მცველს კლუბის დატოვება სურს. 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს უკვე ძალიან ბევრ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ფაქტია, ამ დრომდე „ემპოლის“ რიგებშია.
საბა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ქართველ მცველს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.