საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ტიაგო გომესის გუნდი მეხუთე წუთზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა ჯეფერსონ ჯერალდოს გაძევების შედეგად, მაგრამ მეტოქეს მაინც აჯობა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ველისოლმა გახსნა, ხოლო შეხვედრის ბოლოს გიორგი ფანცულაიამ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. აღსანიშნავია, რომ "სამგურალმა" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
„სამგურალი“ 21 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთს“ 13 ქულით ბოლო ადგილი უკავია და წინ „თელავთან“ დაპირისპირება აქვს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე „იბერია“ საკუთარ მოედანზე „თელავთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო ტურის დანარჩენი სამი მატჩი 3-4 აგვისტოს გაიმართება: „დილა“ – „გარეჯს“, „ტორპედო“ – „გაგრას“ და „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისს“ შეხვდება.






