საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და 21 წლის ქართველი მცველი უდინელებს „ემპოლიდან“ 4-5 მილიონ ევროდ შეუერთდება და კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხოლო ხელფასის სახით სეზონში ნახევარ მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
„უდინეზე“ სერია A-ს მუდმივი ბინადარია და გოგლიჩიძე ამ კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება. საბა ფრიულელთა რიგებში იაკა ბიოლი უნდა შეცვალოს, რომელიც "ლიდს იუნაიტედში" გადავიდა.