„პარი სენ-ჟერმენში“ ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი გაურკვეველია. როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, მომავალ კვირაში კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა მოსალოდნელი.
ამ ეტაპზე კონტრაქტის განახლებაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს, ამიტომაც, მხარეები უნდა შეხვდნენ და განიხილონ საკითხი. ჯიჯოს პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად ეწურება. მის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბმა გამოხატა, მაგრამ შესაძლოა, კლუბში მომდევნო სეზონიც გაატაროს და პსჟ 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
პარალელურად, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილიდან“ ლუკა შევალიეს ტრანსფერი შეათანხმა, რომელიც პარიზულ კლუბს 40 მილიონ ევროდ შეუერთდება და დონარუმას კონკურენტი იქნება. თუმცა პსჟ-ს გეგმა განსხვავებულია: კონტრაქტის განახლება ან მიმდინარე ზაფხულშივე ტრანსფერი, რადგან იტალიელის უფასოდ დაკარგვა პარიზელთა გეგმებში არ შედის.
ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ-ში 2021 წლიდან 161 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის ფრანგებს თავის დროზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.









