ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ მზადაა ესპანელ ნახევარმცველ როდრის 2029 წლის ივნისამდე ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა. 29 წლის ნახევარმცველის მიმდინარე შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026/2027 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
წყაროს ცნობით, როდრი შესაძლოა ნორვეგიელი თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნულია, რომ „სიტი“ როდრის მიმართ ნდობის გამოხატვას ახალი კონტრაქტის შეთავაზებით ცდილობს.
29 წლის ნახევარმცველი „ქალაქელებში“ 2019 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში მან ყველა ტურნირში რვა მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. როდრიმ თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო.