ფეხბურთი

17:23 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ჯეიმსის და სანდერ ვესტერველდის შთაბეჭდილებები გიორგი მამარდაშვილზე
"საინტერესოა, რამდენად მოტივირებული იქნება, დაელოდოს თავის შანსს, რომელიც აუცილებლად ექნება"

„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ დევიდ ჯეიმსმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ მეკარეს ალისონთან კონკურენციის მიუხედავად შანსი აუცილებლად ექნება და ამ შანსის მიღების მომენტში მზად უნდა იყოს.

"უნდა გვესმოდეს, რომ მამარდაშვილი "ლივერპულში" იმიტომ არ მიუყვანიათ, რომ ამ პოზიციაზე პრობლემა ჰქონდა, არამედ, კონკურენციისთვის. „ლივერპული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და იშვიათად გეძახის ორჯერ. მამარდაშვილი გუნდში ალისონის პირდაპირ კონკურენტად გამოჩნდა. მას მოუწევს დაიჯეროს, რომ საკმარისად კარგია „ლივერპულში“ სათამაშოდ. მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეკარის პოზიციაა, მაგრამ მან ითამაშა მნიშვნელოვან ტურნირებსა და საერთაშორისო მატჩებში და ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა მას შეაშფოთებს.

საინტერესო იქნება, თუ სეზონს ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს, რამდენად მოტივირებული იქნება, დაელოდოს თავის შესაძლებლობებს, რადგან მას შესაძლებლობები აუცილებლად ექნება.

მეკარის პოზიციაზე კონკურენცია აუცილებლად უნდა იყოს. მამარდაშვილის სახით კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი მეკარე გვყავს და თუ ის „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება, ეს იმიტომ მოხდება, რომ მან ალისონს მაქსიმუმის გაღებისკენ უბიძგა და სწორედ ეს სურს „ლივერპულს“, ხოლო თუ ის ძირითად შემადგენლობაში ადგილს მოიპოვებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის ალისონზე უკეთესი იყო, რაც ასევე შესანიშნავი ამბავი იქნება“, - თქვა ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ დეიდ ჯეიმსმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 1992-დან 1999 წლამდე 277 მატჩი ჩაატარა.

მამარდაშვილის შესახებ ასევე ისაუბრა „წითლების“ კიდევ ერთმა ყოფილმა მეკარემ სანდერ ვესტერველდმა. ნიდერლანდელს აზრით, ძირითადი შემადგენლობის წევრი ისევ ალისონი იქნება:

„ძირითადში მოხვედრა მისთვის რთული იქნება. ვფიქრობ, სლოტთან საუბარი ექნება, რომელიც, სავარაუდოდ, ეტყვის, რომ ინგლისის ლიგის თასის თამაშებში ითამაშებს. მან მამარდაშვილს უნდა აუხსნას, რომ ის პირველი ნომერი არ არის და მოუწევს თავისი ადგილისთვის ბრძოლა და მომენტისთვის მზად ყოფნა. ის თავის თამაშებს ჩაატარებს, მაგრამ ალბათ არა ისე ხშირად, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ თუ წარმატების მიღწევა გსურს, დიდი გუნდი გჭირდება. გუნდმა შეიძლება სეზონში 70 მატჩი ჩაატაროს და ყველა მოთამაშე გჭირდება - ნახეთ, რამდენი მატჩი ითამაშა კელეჰერმა, განსაკუთრებით გასულ სეზონში“, - აღნიშნა ვესტერველდმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ შარშან იყიდა, მაგრამ ინგლისურ გრანდს წელს შეუერთდა. „ლივერპული“ სეზონს 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო 15 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091903