საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ „ჰამბურგში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველმა მცველმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ "ჰამბურგთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გერმანულ გუნდს დონეცკის "შახტარიდან" იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. 24 წლის მცველი "ჰამბურგის" ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
როგორც გერმანული მედია წერს, „ჰამბურგში“ მარჯვენა მცველების, ვილიამ მიკელბრენსის და სილვან ჰეფტის მომავალი გაურკვეველია, ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ აუცილებლად დატოვებს კლუბს და გოჩოლეიშვილიც ამ ადგილს შეავსებს.
გიორგი „ჰამბურგის“ ისტორიაში მეორე ქართველია, თავის დროზე ტრადიციულ გერმანულ კლუბში გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა. გარდა ამისა, ბუნდესლიგის ახალ სეზონში ბუდუ ზივზივაძის შემდეგ მეორე ქართველია. „ჰამბურგი“ ბუნდესლიგას წელს დაუბრუნდა 2018 წლის შემდეგ პირველად.
24 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი გასულ სეზონში იჯარით დანიურ „კოპენჰაგენში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩში 1 გოლით გამოირჩა, კარიერა კი, „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო „შახტარში“ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მას 14 თამაში აქვს ჩატარებული.
„ჰამბურგი“ 9 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს „მალიორკასთან“ გამართავს, ხოლო ბუნდესლიგის პირველ ტურში 24 აგვისტოს, „გლადბახს“ ესტუმრება. გოჩოლეიშვილს "ჰამბურგის" სტადიონთან კარგი მოგონებები აქვს: "ფოლკპარკშტადიონზე" სამი მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და "ბარსელონას" წინააღმდეგ საგოლე პასიც გააკეთა. გარდა ამისა, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ამ სტადიონზე დაუპირისპირდა ჩეხეთის ნაკრებს.
ტოპლიგებში ახალ სეზონში დღევანდელი მოცემულობით 9 ქართველი ითამაშებს: ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი) და გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), სერია A-ში საბა გოგლიჩიძე (უდინეზე) და საბა საზონოვი (ტორინო), პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).