ამერიკის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ტიმოთი ვეა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა.
25 წლის ფეხბურთელი მარსელის „ოლიმპიკში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ვეა „მარსელს“ იჯარით, მაგრამ 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა და სეზონში მისი ხელფასი 2.5 მილიონი ევრო ექნება. იჯარის საფასური 1 მილიონია, რასაც გამოსყიდვის შემდეგ 14 მილიონი დაემატება, ხოლო გარდა ამისა, არსებობს 4 მილიონის ბონუსიც. ასე რომ, "მარსელს" მთლიანობაში ეს გარიგება 19 მილიონი ევრო დაუჯდა.
ტიმოთი ვეა პსჟ-ს აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა, შემდეგ „სელტიკსა“ და „ლილში“ თამაშობდა, ხოლო 2023 წლიდან „იუვენტუსის“ წევრი იყო, რომლის მაისურით 78 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.