პეპ გვარდიოლას ბევრი უკიჟინეს, შენს სტილში რაღაც უნდა შეცვალო, თორემ ასე თუ გააგრძელე, რეგრესი არასოდეს დაგისრულდებაო. როგორც ჩანს ესპანელმა მწვრთნელმა ეს მოწოდებები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და საკუთარ გარეგნულ იმიჯში შეიტანა ცვლილებები.
ერთ დროს წვეროსანი პეპი საზოგადოებას ულვაშებით მოევლინა და ბულვარულ მედიასაც საღლიცინო მისცა. ულვაშიანი კაცი ვის არ გვინახავს და ვის გვიკვირს, მაგრამ მელოტი და უცნაურად მზირალი პეპი ამ ულვაშებში ისე ძალიან დაემსგავსა 80-იანი წლების თბილისელ ლუდხანის მებუფეტეს, ამის დამნახავი ჭარმაგი კაცი იტყვის, თვალი მომცა და მაყურებინაო.
გარეგნული იმიჯის ცვლილება აისახება თუ არა გვარდიოლას გაწვრთნილი „მანჩესტერ სიტის“ მიერ ნაჩვენებ შედეგებში, ამას მალე ვნახავთ. ისე კი, ულვაში რომ საქმეს შველოდეს, სადამ ჰუსეინი დედამიწის მბრძანებელი იქნებოდა.