„ბარსელონაში“ სიმშვიდე დაბრუნდა - მარკ-ანდრე ტერ შტეგენის საკითხი მოგვარდა. ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან უთანხმოებაში იყო ტრავმის გამო, რაც მას კიდევ რამდენიმე თვით უთამაშებელს დატოვებს.
„ბარსელონამ“ დისციპლინური საქმე აღძრა და გერმანელ მეკარეს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა. თუმცა, საკითხი მალევე გადაწყდა. ფეხბურთელთან დიალოგის შემდეგ, კლუბმა გამოაცხადა დისციპლინური საქმის დახურვისა და კაპიტნის სამკლაურის დაბრუნების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ ძალაში შევა.
„ბოლო რამდენიმე თვე ჩემთვის რთული იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე პიროვნულად. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის მოედანზე დაბრუნება და გუნდის დახმარება იყო. ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან ერთად მივიღე. ბევრი უსაფუძვლო სპეკულაცია იყო. მინდა განვმარტო, რომ უსამართლოა იმის თქმა, რომ ჩემი ტრავმა სხვების დასარეგისტრირებლად გამოიყენეს. ყოველთვის პროფესიონალიზმითა და პატივისცემით ვმოქმედებდი. ძალიან მიყვარს „ბარსა“, ეს ქალაქი და გულშემატკივრები. კლუბის მიმართ ჩემი ერთგულება აბსოლუტურია. მზად ვარ, კლუბის ხელმძღვანელობასთან ვითანამშრომლო ამ სიტუაციის კონსტრუქციულად მოსაგვარებლად. შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ერთი რამ არასდროს შეიცვლება: კულეებო მიყვარხართ“, - დაწერა ტერ შტეგენმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და დღემდე 422 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე გერმანელი „გლადბახის“ კარს იცავდა.