„პარი სენ-ჟერმენი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას ცდილობს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, პსჟ-სა და დონარუმას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება არ არსებობს, ამიტომაც, კლუბს არ სურს გაისად მისი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგვა და ეცდება, რომ ის წელს, დაუყოვნებლივ გაყიდოს.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ უკვე შეათანხმა 40 მილიონ ევროდ „ლილიდან“ ლუკა შევალიეს ტრანსფერი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. შესაბამისად, დონარუმას შემცვლელი უკვე იპოვა.
იტალიელ მეკარეს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის“, „ბაიერნს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“. დონარუმა უარს ამბობს პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2026 წლის 30 ივნისს იწურება. მიზეზი ისაა, რომ ფრანგებმა მას უფრო დაბალი ხელფასი შესთავაზეს, ვიდრე ამჟამად აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა.





