სატრანსფერო ჭორების და „ლიონის“ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე გუნდში დარჩება.
foot01 იტყობინება, რომ ქართველი ფორვარდი ისევ „ლიონის“ ღირსებას დაიცავს და ლიგა 1-ში ახლახან აღზევებული „პარიზის სერიოზული ინტერესის მიუხედავად, ეს ტრანსფერი არ შედგება:
„სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან მოყოლებული, „ლიონი“ არაერთ დათმობაზე წავიდა, რათა დაეკმაყოფილებინა DNCG-ის (ფინანსური კონტროლის ორგანო) მოთხოვნები და მნიშვნელოვნად შეემცირებინა ხელფასები. რამდენიმე ძირითადი მოთამაშე წავიდა, მათ შორის ალექსანდრ ლაკაზეტი, რაიან შერკი, ტიაგო ალმადა და ლუკას პერი. ეს წასვლები ფინანსური თვალსაზრისით აუცილებელი იყო, მაგრამ ამან პაულუ ფონსეკას გუნდი დაასუსტა. პორტუგალიელი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ სისხლდენა დასრულდა და კორენტინ ტოლისო და გიორგი მიქაუტაძე გუნდში დარჩებიან.
ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ შეტევის ლიდერი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლა „ლიონს“ საკმაოდ დიდ შემოსავალს მოუტანს, ტრანსფერის შესახებ საუბარი გამორიცხულია. Le Parisien-ი ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბოლო კვირების განმავლობაში „პარიზმა“ „მეცის“ ყოფილი მოთამაშის გადაბირება და სიტუაციით სარგებლობა სცადა. ეს უშედეგო მცდელობა იყო, რადგან კლუბმა, კატეგორიულად უარი თქვა „მეფე ჟორჟის“ პოტენციურ ტრანსფერზე ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.
„ლიონის“ 69-ე ნომერი გუნდის დატოვებას არ აპირებს. პირიქით, მიქაუტაძემ, რომელიც თავის საყვარელ კლუბში არსებულ რთულ ვითარებას აცნობიერებდა, ზაფხულის დასაწყისში განაცხადა, რომ რონის ნაპირებზე ზედიზედ მეორე სეზონის ჩატარებას აპირებდა. იმის გათვალისწინებით, რომ მიქაუტაძის შეძენა შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული იქნებოდა, „პარიზი“ დანებდა და ახლა მათის აბლინზეა კონცენტრირებული. საქმე, რომელიც არც ისე ადვილია, თუ გავითვალისწინებთ „ნანტის“ მიერ საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელზე დაწესებულ კოლოსალურ მოთხოვნებს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე პრესეზონზე ორი გოლი აქვს გატანილი. „ლიონი“ ახალ სეზონს 16 აგვისტოს „ლანსთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო დღეს, ამხანაგურ შეხვედრაში „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.