ფეხბურთი

19:25 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბერში საქართველოს ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

„უოტფორდის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა გაუმიზეზდა და მოედანზე სექტემბრის მეორე ნახევრამდე ვერ დაბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

როგორც ინგლისური კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, ჩაკვეტაძემ ტრავმა აპრილის დასაწყისში მიიღო, რის გამოც გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა, ვინაიდან ამ ტრავმას ნელი ტემპით აღდგენა ახასიათებს.

პრესეზონზე ჩაკვეტაძე გუნდში ვადაზე ადრე დაბრუნდა, რათა პაულო პოცელანოს ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ყოფილიყო. სკანირებამ აჩვენა, რომ პრობლება ისევ არსებობდა, თუმცა, ნაკლებად მძიმე, ამიტომაც ეტაპობრივად განაახლა ვარჯიში. იგეგმებოდა კიდეც, რომ „დეპორტივოსთან“ ამხანაგურ მატჩში გარკვეული დრო ეთამაშა, თუმცა ხუთი სავარჯიშო სესიის შემდეგ ჩაკვეტაძემ კვლავ განაცხადა ტკივილის შესახებ, რის გამოც ხელახალი სკანირება ჩაუტარდა, რომელმაც პრობლემა დაადასტურა. დარგის წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციით, ჩაკვეტაძემ ფიზიკური დატვირთვისგან თავი 6 კვირა უნდა შეიკავოს, ხოლო შემდეგ კიდევ ჩაუტარდება გამოკვლევა და გაირკვევა შეძლებს თუ არა მოედანზე დაბრუნებას 6 კვირაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს და ბულგარეთს 7 სექტემბერს უმასპინძლებს. ჩაკვეტაძის მონაწილეობა ამ მატჩებში გამორიცხულია, რაც „უოტფორდმაც“ დაადასტურა, რადგან განცხადებაში აღნიშნულია, რომ უქმობის 6-კვირიანი პერიოდიდან 2 კვირა სეზონის პირველ სანაკრებო პაუზას ემთხვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094417