ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გურამ კაშიას „სლოვანი“ ყაზახეთის ჩემპიონ „კაირატს“ უმასპინძლებს და თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდა, აუცილებლად უნდა დაამარცხოს.
ყაზახეთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო თამაშის წინ პრესკონფერენციაზე გურამ კაშია იყო, რომელმაც კომენტარი გააკეთა:
„სტატისტიკურად, ისინი სახლში ძალიან კარგად თამაშობენ. ყაზახეთში რთულია თამაში, დროის სხვაობაა და გრძელი გზაა. მეტი საბაბიც შემეძლო მეპოვა, მაგრამ მაინც ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. შედეგი იმედგამაცრუებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. როდესაც გამარჯვება გვჭირდება, ამის გაკეთება შეგვიძლია. დიდი მოტივაცია გვაქვს და მატჩს მოუთმენლად ველით. ემოციები ფეხბურთში საჭიროა, მაგრამ მისი კონტროლიც გვჭირდება.
„კაირატი“ სოლიდური გუნდია, მათ ეს პირველი მატჩის დასაწყისშივე აჩვენეს. ისეთი გუნდია, რომელსაც შეუძლია ჩვენი გაოცება და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ადვილი სიტუაცია არ არის, რადგან მინიმუმ ორი გოლი უნდა გავიტანოთ და არ გავუშვათ. მაგრამ შინ ვთამაშობთ. დავისვენეთ და კარგად ვართ მომზადებული. ვერ ვიტყოდი, რომ აშკარად მათზე უკეთესები ვართ, მაგრამ თავდაჯერებულობა გვაქვს“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანისა“ და „კაირატის“ მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული პლეი-ოფში გავა და ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპთან ნაბიჯში იქნება.