პსჟ-ს მეკარე მატვეი საფონოვმა ფრანგული კლუბის დატოვებაზე უარი თქვა, იუწყება Le10sport.com.
წყაროს ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 26 წლის ფეხბურთელს სხვა კლუბებში გადასვლის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. თუმცა, მეკარემ მაშინვე უარყო წასვლის იდეა, რადგან მას ძალიან მოსწონს პარიზი. მისი ინტეგრაცია კარგად წარიმართა, საფონოვმა ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო.
თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სხვა კლუბში გადასვლა მაინც შესაძლებელია, თუ საფონოვი 2025/26 წლების სეზონში სათადარიგო მეკარის როლს არ დათანხმდება. მოგეხსენებათ, ამას წინათ პარიზელებმა ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე შეიძინეს „ლილიდან.“
ასევე საინტერესოა უკრაინელი ილია ზაბარნის ტრანსფერის ამბავი, რომლის შესახებაც პსჟ-მ დღეს, 12 აგვისტოს გამოაცხადა ოფიციალურად. კლუბს, სავარაუდოდ, არ სურს გასახდელში რუსისა და უკრაინელის გაერთიანება, რადგან ამან შეიძლება საერთო ატმოსფეროზე იმოქმედოს.
2024/25 წლების სეზონში საფონოვმა 17 მატჩში 13 გოლი გაუშვა და 7-ში კარი „მშრალად“ შეინახა. მისი კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.









