სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:37 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" გამოირიცხა: დონარუმას ინგლისური ვარიანტი აქვს, მაგრამ ეს სხვა მეკარეზეა დამოკიდებული

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა ფრანგებისგან დღეს ამ შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვა. „სიტიდან“ დიდი ალბათობით წავა ედერსონი, რომელსაც „გალათასარაისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს. ამიტომაც, ისინი ბრაზილიელის შემცვლელად დონარუმას განიხილავენ.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გავრცელებული ცნობით, პსჟ დონარუმაში 25 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა რომანო იტყობინება, რომ პარიზელთა მოთხოვნა 50 მილიონი ევროა, რაც „სიტის“ შეფასებით ბევრია, ვინაიდან იტალიელის კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება.

დონარუმა მალე გადაწყვეტს: დარჩეს პსჟ-ში, რაც მის უთამაშებლობას გამოიწვევს მთელი სეზონი და გაისად უფასოდ წავიდეს კლუბიდან, თუ ახლა დატოვოს პარიზელთა რიგები.

ამასობაში, გაირკვა, რომ ლონდონის „ჩელსი“ დონარუმათი დაინტერესებული არაა, რადგან კლუბში მეკარეებით კმაყოფილი არიან. ვინაიდან სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დიდი დრო არ დარჩა, დონარუმას ამბავს ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინება. ის პსჟ-ში გეგმებში აღარ შედის, კლუბმა მისი შემცვლელი, ლუკა შევალიე უკვე იყიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფალურ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, საკმარისია გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაზე დონარუმას მატჩები „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასა“ და „არსენალთან“...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095372