ფეხბურთი

22:33 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირჟი დუდეკი: "მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, მაგრამ შანსი ექნება"
"თანამედროვე ფეხბურთში ორი ძლიერი მეკარე გჭირდება და "ლივერპულს" შესანიშნავი მეკარეები ჰყავს"

„ლივერპულის“ ვებგვერდზე ვეტერანი პოლონელი მეკარის, ირჟი დუდეკის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილსა და ალისონ ბეკერზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, რადგან პრემიერლიგა განსხვავებული ტურნირია:

„ვფიქრობ, ჩვენ ორი მართლაც კარგი მეკარე გვყავს. აქამდეც გვყავდა ორი მართლაც კარგი მეკარე, რადგან კელეჰერი აბსოლუტურად საოცარი იყო, როდესაც მას თამაშის შესაძლებლობა მიეცა და ეს არის ის, რაც გჭირდება. სეზონი ხანგრძლივია, წინ ბევრი თამაშია. არასდროს იცი, რა მოხდება და ორი კარგი მეკარე გჭირდება.
ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ის პირველი ნომერია, მამარდაშვილს კი შეუძლია კარგი შემცვლელი გახდეს. მას ყველა შესაძლებლობა აქვს. ყველა პოზიციაზე კარგი შემცვლელი გჭირდება, განსაკუთრებით კარში.

რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციის დრო სჭირდება, რადგან პრემიერლიგა ცოტა განსხვავებულია. თამაში უფრო სწრაფია. მოთამაშეზე გაცილებით მეტი ზეწოლაა და ის ამას ალბათ ძალიან მალე მიხვდება.

მეკარეზე გაცილებით მეტი ზეწოლაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ცდილობ თამაშის აწყობას ფეხითაც და ჩაწოდებებითაც და ეს უზარმაზარი განსხვავებაა პრემიერლიგასა და მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შორის. მსაჯობის განსხვავებული სტილიცაა და ყველაფერი, რაც ევროპაში ჯარიმად ითვლება, ინგლისში „თამაშის გაგრძელებაა"! მეკარე ამას უნდა შეეგუო და მტკიცედ გჯეროდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, შენ უნდა გაუმკლავდე ამას.

პირველი და მეორე მეკარეობა? ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, როდესაც ვიცოდი, რომ პირველი ნომერი ვიყავი. ვიცოდით ჩვენი როლები, როგორც პირველი და მეორე ნომრის. „რეალში“ რომ გადავედი, მითხრეს, რომ მეორე ნომერი ვიქნებოდი, ამიტომ ვიცოდი, რომ ჩემი როლი და თამაშებისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნა იყო საჭირო. მე ეს მივიღე და გავაკეთე კიდეც.

საუკეთესო სიტუაციაა, როდესაც ორივე მეკარე კარგ დონეზეა. ასე რომ, თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მამარდაშვილისთვის მნიშვნელოვანია ამ დონეზე ასვლა და არა ალისონის დონის ვარდნა. როგორც მეკარეებმა, ორივემ უნდა იმუშაოს წინსვლისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის სეზონში და თუ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებთ, მეკარეების წვლილი დიდი იქნება. თუ შენი როლის მიმართ თავდაჯერებული ხარ, გაცილებით უკეთესად თამაშობ.

თუ ალისონის ადგილას ხარ, იცი, რომ კონცენტრირება გჭირდება. უნდა მოემზადო, როგორც პირველი ნომერი. მამარდაშვილმა ახლა იცის, რომ მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი გეძლევა, ის უნდა გამოიყენო. ეს ურთიერთობა მეკარეების მწვრთნელზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ დაიცავს ის პირველ ნომერს და როგორ გააუმჯობესებს მეორეს. მაგრამ ჯერჯერობით, რაც მე ვნახე, მეკარეებს შორის ურთიერთობა ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, რადგან ამდენი შეჯიბრია და ყველას ექნება შანსი. ახლა ისეთი დრო აღარ არის, როგორც ადრე იყო, როცა ერთ მეკარეს ზედიზედ 300 თამაშის ჩატარება შეეძლო. ახლა თამაშის შანსი გექნება“, - თქვა დუდეკმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ მატჩში გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო სკამზე იყო, რაც მიანიშნებს, რომ არნე სლოტის იერარქიაში ის ჯერჯერობით ალისონის უკანაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095544