ფეხბურთი

23:52 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "არ ვიცი, რა დონეზე ვართ, დონარუმაზე გადაწყვეტილება ჩემია"
"გვინდა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოვიგოთ, ეს მოტივაციას გვიმაღლებს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ევროპის სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ბევრ საკითხზე ისაუბრა, პირდაპირ თქვა, რომ მზად არ არიან, რადგან მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ვარჯიში დაიწყეს. ესპანელმა ასევე განაცხადა, რომ ჯანლუიჯი დონარუმაზე გადაწყვეტილება მან მიიღო, რადგან სხვა სტილის მეკარე სჭირდება.

მხოლოდ ერთკვირიანი მზადება ფინალამდე

„ეს განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ. ახლახან დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ ნამდვილად ძალიან დიდი სურვილია მომზადების. ზუსტად არ ვიცი, რა დონის მიღწევას შევძლებთ და როგორ ვითამაშებთ ხვალ, ვერ ვიტყვი, რომ მზად ვართ“.

დონარუმას საკითხი

„რთული გადაწყვეტილება იყო, ადვილი არ იყო. მხოლოდ დონარუმას შექება შემიძლია. ის უდავოდ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. და ის კიდევ უკეთესია, როგორც ადამიანი, ვიდრე როგორც ფეხბურთელი, მაგრამ გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე განსხვავებული პროფილის მეკარე გვინდოდა“.

მიზანი სეზონში

„გვსურს გავაგრძელოთ ისტორიის წერა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. ცოტას ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, დავამტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ. ოცნებაა ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება. მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ამ ოცნების ასრულება შეგვიძლია“.

რას უნდა ელოდოს „ტოტენჰემისგან“

„ძნელია ამის წაკითხვა, რადგან მათ მწვრთნელები და რამდენიმე მოთამაშე შეიცვალეს. არ ვიცი, რომელი მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ერთი თვეა ვარჯიშობენ. ეს არ უნდა იყოს საბაბი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. 2023 წელს რამდენიმე ვარიანტი მქონდა და პსჟ-მდე, ტოტენჰემი ერთ-ერთი მათგანი იყო“.

ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა და ოქროს ბურთის კანდიდატები

„კვარა კარგადაა. უკვე ვთქვი, რომ ჩემპიონები გუნდს უნდა ემსახურონ. ოქროს ბურთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა და გვიხარია, რომ ამდენი კანდიდატი გვყავს. მაგრამ ამ ინდივიდუალური ტიტულების მისაღწევად, გუნდურად კარგად უნდა ითამაშო, ესაა მთავარი“.

გამარჯვებებით ტკბობა

„ძლიერი წნეხი ხშირად ხელს გიშლის შენი წარმატებებით ტკბობაში, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვართ და შეგვიძლია მნიშვნელოვანი რამისთვის ვიბრძოლოთ. ოთხი ბიჭი ვარჯიშის შემდეგ კვლავ თამაშობდა ფეხბურთს, ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი. ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ასევე ვნებაა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბიჭები გვყავს. დიდი ზეწოლაა, მაგრამ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას“.

დონარუმას გარეშე პენალტების სერიაზე მზადება

„ყოველთვის სიამოვნებით ვსაუბრობ იტალიურად (იცინის). არა, პენალტებისთვის არ გვივარჯიშია, დრო არ გვქონდა. დონარუმა გამორჩეულია, ვიცით, როგორ შეიტანა მან წვლილი გამარჯვებებში, ეს ადრეც ნათლად ვთქვი. აქამდეც ვთქვი, რომ ეს დონარუმაზე გადაწყვეტილება ჩემია, მე გადავწყვიტე და კლუბი მხარს მიჭერს“.

მენტალიტეტი

„სწორი მენტალიტეტი გვაქვს. რთული იქნება, ყველაფერი მოვიგეთ, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი ასეთია: გვსურს გამარჯვების გაგრძელება. შეგვიძლია ისტორიის შექმნა და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს“.

ერთიანობის მნიშვნელობა

„ვფიქრობ, მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ ერთიანობა გვახასიათებდა, რთულ მომენტებშიც კი. ამან საშუალება მოგვცა წარმატებისთვის მიგვეღწია. გვყავს საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც ყოველთვის გუნდის სამსახურში არიან და ხვალაც ასე გავაგრძელებთ თამაშს. ვეცდებით, თამაში ისე წარვმართოთ, როგორც გვსურს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091173