ჯერ კიდევ „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა ენცო რაიოლამ Sky Sport-თან ისაუბრა.
მან იტალიურ მედიას უთხრა, რომ შოკირებულია პსჟ-ს მოქმედებით და ფრანგული კლუბი უპატივცემულობაში, მხოლოდ ფულის ინტერესში დაადანაშაულა:
„პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გეგმები შეცვალა: ჩვენ დაბალი შეთავაზება მივიღეთ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, რასაც დონარუმა დათანხმდა. თუმცა მათ გეგმები ისევ შეცვალეს. პრემიერ ლიგაში შეუძლიათ ფინანსურად ყველა დააკმაყოფილონ, მაშინაც კი, თუ პსჟ-ს მოთხოვნები ცოტა გაზვიადებულია. ისინი პატივისცემაზე საუბრობენ, მაგრამ მათთვის, მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი.
პსჟ-ს მხრიდან დონარუმას მიმართ უზარმაზარი უპატივცემულობაა. ერთი თვის წინ ჩვენ განახლებაზე ვსაუბრობდით: იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი, უკეთესი იყო კონტრაქტის გახანგრძლივება. ამ საკითხს იურისტებს გადავცემთ, რადგან ასე არ იქცევიან. შოკირებულები ვართ, ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ პსჟ-ს მხრიდან ნულოვანი პატივისცემაა“, - აღნიშნა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფალურ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, საკმარისია გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაზე დონარუმას მატჩები „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასა“ და „არსენალთან“...
პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ დონარუმას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს. ესპანელის თქმით, ისეთი მეკარე სჭირდებოდა, რომელიც მის სათამაშო სტილთან უკეთ ადაპტირდებოდა. ამიტომაც, პსჟ-მ „ლილიდან“ 40 მილიონ ევროდ ლუკა შევალიე დაიმატა.





