ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა ენცო რაიოლამ Sportmediaset-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი ფეხბურთელით პრემიერლიგაში დაინტერესებული არიან.
მან ასევე დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოახერხეს პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმების მიღწევა.
„პრემიერლიგის ზოგიერთი კლუბი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს და ეს არის ლიგა, რომლისკენაც ჯიჯო ისწრაფვის, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით. იტალიაში და პსჟ-ში თამაშის შემდეგ პრემიერლიგამ შეიძლება მოგცეს შემდეგი ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშებ.
პრემიერლიგაში გადასვლა განიხილება, რადგან გვჯერა, რომ ეს შეიძლება შესაფერისი იყოს ისეთი კარგი მოთამაშისთვის, როგორიც ჯიჯოა. ასევე იმიტომ, რომ ისტორია ამბობს, რომ ერთადერთი იტალიელი, რომელმაც პრემიერლიგა მოიგო, მარიო ბალოტელია. თუ ის მეორე იტალიელი გახდება, ვინც ამას შეძლებს, ეს ჩვენთვის შესანიშნავი იქნება. ისტორია ამბობს, რომ იტალიელებისთვის მისი მოგება ძალიან რთულია.
გვარდიოლას ინტერესის შესახებ ჭორები გავრცელდა. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია გვარდიოლასთან, რადგან ბოლო დრომდე პარიზში დარჩენაზე ვფიქრობდით, თუნდაც წელს. კონტრაქტის არგანახლების შესახებ განცხადების შემდეგ, ვუთხარი: „კიდევ ერთი წელი დავრჩეთ და შემდეგ წავიდეთ“. ეს ასევე ჯიჯოს სურვილი იყო.
პსჟ-სთან ურთიერთობის გაფუჭება? თავდაპირველად, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ შემდეგ დავთანმხდით გუნდის თამაშისა და ჩემპიონთა ლიგაზე პროგრესის გათვალისწინებით. როდესაც დოკუმენტები გავცვალეთ, რაღაც არ იყო მითითებული, რაზეც თავიდან შევთანხმდით. ახსნა-განმარტება მოვითხოვე და მიპასუხეს, რომ სამწუხაროდ, ამ პირობების დაცვა აღარ იყო შესაძლებელი. კონტრაქტი რომ არ განახლდებოდა, კლუბს ვაცნობეთ ლოს ანჯელესში, „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ და გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩებოდით. რამდენიმე დღის წინ მივიღე შეტყობინება, რომ ევროპის სუპერთასის მატჩზე ის განაცხადში არ იქნებოდა და ეს აბსურდია. რა მოხდებოდა, ჯიჯოს კონტრაქტი რომ გაეხანგრძლივებინა?“, - თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფალურ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, საკმარისია გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაზე დონარუმას მატჩები „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასა“ და „არსენალთან“...
პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ დონარუმას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს. ესპანელის თქმით, ისეთი მეკარე სჭირდებოდა, რომელიც მის სათამაშო სტილთან უკეთ ადაპტირდებოდა. ამიტომაც, პსჟ-მ „ლილიდან“ 40 მილიონ ევროდ ლუკა შევალიე დაიმატა.