საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, ჯიკიჩის შეგირდები მორიგ ამხანაგურ მატჩს პოლონეთის ნაკრებთან გამართავენ. მატჩამდე ჩვენი ნაკრების კალათბურთელებმა გოგა ბითაძემ და კახა ჯინჭარაძემ კომენტარი გააკეთეს და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრეს.
გოგა ბითაძე - "ძალიან რთულია მოკლე დროში გუნდი შეთამაშდეს, რთული ვარჯიშები გავიარეთ და მზადების პროცესს განვაგრძობთ. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში შევთამაშდებით და ყველაფერი დალაგდება. ლიეტუვას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და რთული მატჩი გამოგვივიდა, დღეს კი პოლონეთს დავუპირისპირდებით, განსხვავებული ნაკრებია, თუმცა არანაკლებ მაღალი დონის. ასეთი თამაშები ძალიან კარგია, რადგან ეს უკეთესად მომზადებაში დაგვეხმარება. მეც და ბიჭებიც ყველა მაქსიმუმს ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს."
კახა ჯინჭარაძე - "ევროასკეტი ახლოვდება და ვცდილობთ შეცდომები გამოვასწოროთ. წინა მატჩის ანალიზი გავიარეთ და ჩვენი თამაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ პოლონეთთან ყველა კომპონენტში თამაში გამოვასწოროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ შევთამაშდეთ და ევრობასკეტს სასურველ ფორმაში შევხვდეთ."
შეგახსენებთ, რომ საქართველოსი და პოლონეთის ნაკრებების მატჩი დღეს 20:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟის ყურებას საზოგადოებრივი მაუწყებელის არხზე შეძლებთ.









