სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არც ისე ბევრი დრო რჩება, მაგრამ ჯერჯერობით ტურინის „იუვენტუსი“ ძალიან პასიურობს. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ფინანსური პრობლემები.
რა თქმა უნდა, „იუვეს“ დღევანდელი შემადგენლობა მოწოდების სიმაღლეზე არაა და კლუბს გაძლიერება სჭირდება, მაგრამ არ არსებობს რესურსი, რის გამოც იგორ ტუდორი იმ ფეხბურთელებთან მუშაობას აგრძელებს, რომლებიც მის განკარგულებაშია.
თუმცა, ბოლო ცნობები მაინც გაჩნდა, რომელიც „იუვეს“ უკავშირდება: დიდი შანსია კლუბში დაბრუნდეს რანდალ კოლო მუანი, რომელიც პსჟ-ს გეგმებში არ შედის და ფრანგს ძალიან სურს „იუვენტუსში“ დაბრუნება, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით ითამაშა (22 მატჩი, 10 გოლი). კოლო მუანის პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს.
დიდი შანსია, რომ „იუვე“ დატოვონ ნიკო გონსალესმა და დუგლას ლუისმა. არგენტინელ ნახევარმცველს ტურინელები 30 მილიონ ევროდ აფასებენ და ინტერესი „ატლეტიკოსგან“ არსებობს. ნიკოს სურს დიეგო სიმეონესთან თამაში და თანახმაა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დუგლას ლუისი სავარაუდოდ პრემიერლიგაში დაბრუნდება. ბრაზილიელს იმედგამაცრუებელი სეზონი ჰქონდა „იუვენტუსში“, რის გამოც კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ტრანსფერზე აქტიური მუშაობა აქვს დაწყებული „ნოტინგემ ფორესტს“, რომელსაც სურს ბრაზილიელის შეძენა.
სამაგიეროდ, „იუვემ“ უარყო „ნაპოლის“ 12-მილიონიანი შემოთავაზება ფაბიო მირეტის შესახებ. მისი დამატება ანტონიო კონტეს სურს, მაგრამ ბოლო ცნობებით, ახალგაზრდა იტალიელი შესაძლოა „იუვენტუსში“ დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში „პარმას“ დაუპირისპირდება.