ფეხბურთი

1:01 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ისევ სათადარიგო იყო: "ლივერპულმა" პრემიერლიგა მძიმე მოგებით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის, „ლივერპულის“ მატჩით გაიხსნა და არნე სლოტის გუნდმა „ენფილდზე“ „ბორნმუთი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია, როგორც სუპერთასზე, ახლაც არნე სლოტი ალისონს ენდო და ქართველი მეკარე თადარიგში იყო.

„ლივერპულში“ კვლავ გაიბრწყინა უგო ეკიტიკემ, რომელმაც ისევ გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ფრანგმა ჯერ ანგარიში გახსნა 37-ე წუთზე, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე კოდი გაკპომ სხვაობა გაზარდა. თითქოს, „წითლებმა“ ადრე დაიჯერეს გამარჯვება და მოეშვნენ, რითაც „ალუბლებმა“ ისარგებლეს.

ანტუან სემენიომ 12-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. „ლივერპული“ ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, თუმცა იმ კაცმა იხსნა, რომელსაც გასულ სეზონში არ ათამაშებდნენ, ახლაც თითქოს, ტრანსფერზეა დაყენებული და დღესაც მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე შეუშვეს - ფედერიკო კიეზამ. იტალიელმა შემტევმა 88-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ამ გოლმა „ბორნმუთი“ საბოლოოდ გატეხა. სხვათა შორის, ეს კიეზას პირველი გოლია პრემიერლიგაში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოჰამედ სალაჰმა შეხვედრას წერტილი დაუსვა - 4:2.

„ლივერპული“ პრემიერლიგის მეორე ტურში 25 აგვისტოს, „ნიუკასლს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169471