უცნაურია ადამიანის ბუნება და ხასიათი. ყოვლისშემძლე მილიარდებით ძალმოსილი „პსჟ“ საქართველოში ჯერ კიდევ შარშან თითქმის არავის მოგვწონდა. მერე ვიძახდით, ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის გამო ვქომაგობთ, თორემ მაგ საეჭვო ფულით გაზულუქებულ გუნდს რა გვაგულშემატკივრებსო, ახლა კი, თბილისის ქუჩებში მოსიარულე ბავშვების თითქმის ნახევარს მშობლების მიერ ნაყიდი პარიზული კლუბის ფორმა აცვია და მაისურების უკან არამხოლოდ ხვიჩას, არამედ „პსჟ“-ს სხვა ვარსკვლავების გვარებიც აწერიათ.
ასეა - არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, განსაკუთრებით კი ისეთ ფეხბურთს, როგორსაც ლუის ენრიკე და მისი საწმყსო თამაშობს. აგერ, გასულ სამშაბათს, „ტოტენჰემთან“ სუპერთასზე ისეთი თამაში შემოატრიალეს, ბევრი რომ ვერ წარმოიდგენდა და რაც მთავარია, ეს გააკეთეს თვალსასეიროდ და ისეთი საფეხბურთო შოუს ელემენტებით, რაც ქომაგებს როგორც წესი მოსწონთ და ხშირად სწორედ ამის გამო ირჩევენ საგულშემატკივროდ უცხოურ კლუბსა თუ ნაკრებს. ამ პრინციპით სწორედ უცხოური გუნდი შეიძლება აირჩიო მილიონს შორის, თორემ ბედმა, იღბალმა და განგებამ რა ნაკრები ან მშობლიური ქალაქის გუნდი გიბოძა, იმას ვერასოდეს გასცდები და გადააბიჯებ.
ამაზე ცხონებული მალხაზ ხარბედიას ერთი ძველი ხუმრობა გამახსენდა ქუთაისელ ჭოკით მხტომელზე, რომელმაც იმ თავისი ჭოკით მსოფლიოც მოიგო, ევროპაც, გადაახტა ყველას და ყველაფერს და მხოლოდ მეგობრობას და ძმაკაცობას ვერ „გადაახტა“. გუნდის გულშემატკივრობაც ეგრეა. როგორ ცუდადაც არ უნდა გამოდიოდეს შენი მშობლიური ქალაქის გუნდი ევროტურნირებზე, მაინც გიჭირს მასზე „გადახტომა“ და ომახიანად იმის თქმა, რომ ქართული გუნდი არად გიღირს და მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ქომაგი ხარ.
ლირიკული გადასვლიდან ისევ ხვიჩას, პარიზსა და მის სუპერწარმატებულ გუნდს რომ დავუბრუნდეთ, უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ ბედი მაქვსო ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაიკვეხოს. განა ნიჭი არა აქვს, ან სხვა თანაგუნდელებზე ნაკლებია რამით, მაგრამ მაინც პირდაპირ გაოცებას იწვევს, როგორ მოხდა ისე, რომ მაინცდამაინც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში მყოფ კლუბში აღმოჩნდა იმ დროს, როდესაც ამ გუნდს ტიტულების მოგება ჰაერივით უნდოდა და ისე იყვნენ ქომაგებიც და ფეხბურთელებიც დიდ ევროპულ გამარჯვებას დანატრებული, რომ სპექტაკლში კედელზე დაკიდებული თოფივით აუცილებლად „უნდა გაესროლა“ და ეს „გასროლა“ მოხდა სწორედ მაშინ, როცა ლუის ენრიკეს კრებულს ქართველიც მიემატა.
როგორც დიდი ლუის სესარ მენოტი ამბობდა, ფეხბურთელს თუ იღბალი არ სდევს თან, როგორი მაგარი და ნიჭიერიც არ უნდა იყოს, მაინც ვერაფერს მიაღწევსო. ეს სიტყვები სენიორ ლუისმა კონკრეტულად კლაუდიო კანიჯას მისამართით თქვა, რომელიც თავიდან მაინცდამაინც არ მოსდიოდა თვალში, მაგრამ ბოლოს მანაც აღიარა ამ ფეხბურთელის შესაძლებლობანი, რაც სამწუხაროდ მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტულის მოგებაში არ გადაითარგმნა. გამოდის რომ, არც კანიჯა იყო ბოლომდე ქუდბედიანი.
ხვიჩას კი, მაგარი თანაგუნდელების გარდა იღბალიც უდგას ზურგსუკან. ისიც ვიცით, რომ ჯერ ყველაფერი წინა აქვს და ახლა მემგონი უკვე ის დროა, როცა ახალ გუნდზე და ახალ გამოწვევებზე უნდა იფიქროს. ვიცი ძალიან ვჩქარობ და სრულიად არასერიოზული იქნება პარიზში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ სხვა კლუბზე და სხვა ჩემპიონატზე მომართოს ფიქრი, მაგრამ იმას რა ვუყოთ ხვიჩასთვის ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონის წოდებაც რომ გვინდა? გვინდა რომელია? ხალხს ვიცნობ, კვარაცხელიას უკვე „რეალის“ და „ბაიერნის“ მაისურებს აზომებენ. ისე სიმართლე რომ ვთქვათ, საფრანგეთის ჩემპიონობა ხომ უკვე განვლილი გზაა?!