ჯანლუიჯი დონარუმასა და პსჟ-ს ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულებულია, მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რადგან იტალიელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს.
რამ გამოიწვია დონარუმას და პსჟ-ს ურთიერთობის ასეთი ფორმით დასრულება? ამის მიზეზებზე Le Parisien-ი წერს.
წყაროს თანახმად, დონარუმას აგენტის, ენცო რაიოლას განცხადება, რომ ისინი დათანხმდნენ პსჟ-ს პირობებს ახალ კონტრაქტზე, სიმართლე არ არის, უფრო მეტიც, დონარუმა კონტრაქტის განახლებით, კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იქნებოდა, მაგრამ მან უარი თქვა და კიდევ უფრო მეტის მიღება სურდა - პირობების ბევრად გაუმჯობესებას ითხოვდა. სწორედ ამ დროს, ლუის ენრიკემ კლუბს უთხრა: „კარგი, მოდი, სხვა მეკარე ვიყიდოთ“.
თუმცა, ეს არ არის პრობლემის ერთადერთი მიზეზი: ლუის ენრიკეს სურდა გუნდში ისეთი მეკარე ჰყოლოდა, რომელიც ფეხით თამაშში გამორჩეულია, რაც ჯიჯოს ძლიერი მხარე ნამდვილად არაა. ამიტომაც, გადაწყვიტეს, რომ ლუკა შევალიე ეყიდათ.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა: Le Parisien-ის ცნობით, 2024 წლის ბოლოს ლუის ენრიკეს წინააღმდეგ პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელმა პრესნელ კიმპემბეს ლიდერობით აჯანყების მოწყობა სცადა, მათ შორის იყო დონარუმაც, რამაც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობის საბოლოო გაუარესება გამოიწვია.
ამგვარად, ყველაფერი მივიდა კრიტიკულ სიტუაციამდე, რის შემდგომაც დონარუმა პსჟ-ს პროექტის მიღმა აღმოჩნდა. მედიაში წერენ, რომ იტალიელი მეკარე კარიერას დიდი ალბათობით, „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.






