„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნანტთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ესპანელი სპეციალისტია კმაყოფილია გამარჯვებით და თქვა, რომ ფიზიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმა ბურთის შეგრძნება მალე აღიდგინონ:
„ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი მიზანი გამარჯვება იყო. დავიმსახურეთ ეს სამი ქულა. ბურთს 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში დიდად არაფერი შეგვიქმნია, მაგრამ ეს ნორმალურია ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც დაბალი ბლოკით თამაშობს.
ახლა, ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს სათადარიგო მოთამაშეები, რომლებიც მატჩის ბოლოს უფრო ენერგიულად იქნებიან. ასე იყო „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ და ასე მოხდა დღესაც. თუ ყველა ტიტულის მოგება გინდა, ყველა ფეხბურთელი გჭირდება. ტიტულების მოსაგებად და გასული სეზონის წარმატების მისაღწევად, ყველა გვჭირდება.
ბურთის შეგრძნების აღდგენა ადვილი არ არის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იყო. არიან მოთამაშეები, რომლებმაც თავიანთი დონე აჩვენეს, რომლებიც მზად არიან. სხვებისთვის ეს უფრო რთულია. ყველას დრო სჭირდება. მეტი ვარჯიშითა და მეტი მატჩით, ბურთთან შეხების ამ შეგრძნებას დავიბრუნებთ.
ჩვენი (მწვრთნელების) საქმე გუნდის გაუმჯობესებაა, ეს არის ჩემი მიზანი. ჯერ კიდევ გვაკლია ბურთის ფლობის შეგრძნება, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა, უნდა ვიპოვოთ ეს გრძნობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს სეზონის პირველი მატჩი იყო, მშვიდად და თავდაჯერებულები ვართ. ვეცდებით იგივე გავაგრძელოთ, თუმცა, ამბიციურობისთვის რაღაცის შეცვლა გვჭირდება, განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებთან მიმართებაში, რადგან შეგვიძლია მეტი ვარიანტი გვქონდეს. გვჭირდება, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ და ვეცდებით, გავუმჯობესდეთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე 22 აგვისტოს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.










