შვეიცარიული "ბაზელისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა ერთწლიანი იჯარით ახალ კლუბში ითამაშებს. როგორც შვეიცარიული გამოცემა Blick-ი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიაში დარჩება და მისი ახალი კლუბი "ლოზანა" იქნება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, რჩება მხოლოდ სამედიცინო შემოწმება, რომელსაც სიგუა უახლოეს დღეებში გაივლის ახალ კლუბში ოფიციალურად გადავა.
"ლოზანა" მიმდინარე შვეიცარიის ჩემპიონატში 3 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუა „ბაზელმა“ ორი წლის წინ დაიმატა. მას პირველ სეზონში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, თუმცა გასულ სეზონში სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩიდან მოედანზე გასვლა საერთოდ არ მოუწია. ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს „ბაზელის“ მაისურით 36 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.