საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კვლავ უშანსოდ 87:100 დამარცხდა(ორი დღის წინ გამართულ მატჩში ჩეხეთთან 83:103 დავმარცდით).ამრიგად ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, რა დროშიც ჩვენმა ნაკრებმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ ყველა მათგანში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც სხვა შეხვედრებში, დღესაც უსახური მატჩი აჩვენა, სადაც გუნდის არაერთი პრობლემა ნათლად გამოჩნდა, როგორც შეტევაში ისე დაცვაში. ფაქტია, რომ ჩვენს თამაშში გამოსასწორებელი ძალიან ბევრია, თუმცა ევროპის ჩემპიონატამდე უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე გამორჩეული სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო, ბექა ბურჯანაძემ ჩვენს ნაკრებს 14 ქულა შემატა, ხოლო დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა 13-13 ქულა ჩააგდეს.
არ უთამაშია თორნიკე შენგელიას, რომელიც ესპანეთშია გულის არითმიის პრობლემის გამო, მაგრამ სერიოზული არაფერია და კაპიტანი გუნდს კვიპროსში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრები იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, კვიპროსსა და ბოსნიას შეხვდება. პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 28 აგვისტოს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.







