„მილანში“ „ლევერკუზენის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი ჩაიშალა.
კლუბები ყველაფერზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი მილანში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი. იტალიურმა კლუბმა მის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა, რამაც გარიგების ჩაშლა გამოიწვია.
ბონიფეისს როგორც ჩანს, მუხლი აწუხებს, რის გამოც „როსონერიმ“ ტრანსფერზე უარი თქვა. ნიგერიელი მილანიდან გერმანიაში ბრუნდება. „ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა სიმონ როლფესმა ეს ამბავი დაადასტურა:
„თუ ის აქ დაბრუნდება, გამოდის, რომ გარიგება ჩაიშალა, ეს დიდი საიდუმლო არაა. არ მგონია, რომ ტრანსფერი შედგეს“, - აღნიშნა გერმანელმა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ბონიფეისი „მილანში“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით უნდა გადასულიყო. ახლა იტალიურ კლუბს სხვა ფორვარდის მოძებნა მოუწევს და ორი ვარიანტი ყველაზე აქტიურია: „იუვენტუსიდან“ დუშან ვლაჰოვიჩი და „სპორტინგიდან“ კონრად ჰარდერი.









