სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეში იხურება, მაგრამ „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო წასვლაზე ხმები ფრანგულ მედიაში ისევ გაისმა.
თითქოს, ქართველის გაყიდვა გამორიცხული იყო, მაგრამ ბოლო ცნობებით სიტუაცია შეიცვალა - ახლა ფრანგული კლუბი გამოთქვამს მზაობას გიორგის გაყიდვაზე თუ მინიმუმ 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
„ლომებს“ ფინანსური პრობლემები კვლავ აქვთ და ამიტომაც, ფული სჭირდებათ. ბელგიელი მალიკ ფოფანა წასვლის პირველი კანდიდატია, რადგან კლუბისთვის ყველაზე მეტი ფინანსური მოგების მოტანა მას შეუძლია, მაგრამ აღარც მიქაუტაძის წასვლაა გამორიცხული.
Madeingones.ouest-france-ს ცნობით, „ლიონი“ ღიაა ამ ვარიანტისთვის და ორშაბათამდე გამორიცხული არაფერია. თუმცა, დაინტერესებული კლუბების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ მიქაუტაძეს „ლიონში“ დარჩენა სურს და მწვრთნელი, პაულო ფონსეკაც მისი გაყიდვის წინააღმდეგია.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ჩატარებულ ორ მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.






