ესპანურმა „ვილიარეალმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა მეკარე არნაუ ტენასის „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეძენის შესახებ. მეკარის კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდეა გათვლილი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტენასის ტრანსფერის საფასური 2.5 მილიონი ევრო იქნებოდა. 24 წლის ესპანელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე პსჟ-ს შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც სამი გოლი გაუშვა. ტენასი „ვილიარეალის“ ძირითად გუნდში მესამე მეკარე გახდება. სეზონის დასაწყისში მთავარი მეკარე ლუის ჟუნიორი იყო, სათადარიგო კი 23 წლის რუბენ გომესი.
ცნობილი გახდა, რომ პსჟ, სავარაუდოდ, ამ სატრანსფერო ფანჯრისას იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას დაშორდება.