ფეხბურთი

17:30 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "კადისში" ყოფნით ბედნიერი ვარ, ეს საქართველოს ნაკრებში მოხვედრაშიც დამეხმარება"

ქართველი ფეხბურთელი იური ტაბატაძე „კადისში“ ჟურნალსტებს წარუდგინეს. მან განაცხადა, რომ როცა ესპანური კლუბის ინტერესისშესახებ გაიგო, ტრანსფერს მაშინვე დათანხმდა.

მოგეხსენებათ, ტაბატაძე „კადისს“ „იბერიადან“ შეუერთდა და ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ასეთი მნიშვნელოვანი კლუბის ნაწილი ვარ. დიდი მოტივაცია მაქვს. უკვე მივიღე შეტყობინებები გულშემატკივრებისგან, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ სითბოსა და სიყვარულს. მოუთმენლად ველი მწვრთნელების განკარგულებაში ყოფნას და დებიუტს, რაც შეიძლება მალე.

ვფიქრობ, სწრაფი, ფეთქებადი და ძლიერი მოთამაშე ვარ. პირველი დღეები ძალიან კარგი იყო. ყველასთან ვისაუბრე და ადაპტაცია ძალიან კარგად მიდის. როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა ეს ამბავი და „კადისი“ ახსენა, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი.

ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა მხოლოდ გუნდზე ვარ კონცენტრირებული და აქ თამაშმა შეიძლება მეტი შანსი მომცეს საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად. ხუთი დღეა რაც აქ ვარ, ქალაქში გავისეირნე, მაგრამ ბევრი დრო დასათვალიერებლად არ მქონია. ერთი სული მაქვს, ქალაქიც უკეთ გავიცნო“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

პრეზენტაციაზე იყო „კადისის“ სპორტული დირექტორი ხუან კალა, რომელმაც ტაბატაძის შესახებ თქვა:

„ის გუნდის დასაკომპლექტებლად მოვიდა იმ პოზიციაზე, რომლის გაძლიერებასაც ვცდილობდით, კერძოდ, გარემარბის პოზიციაზე. მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ასევე შეუძლია გოლების გატანა. ის ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. რთული ტრანსფერი იყო, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი შედგა და ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდა ჩვენთან გადმოსვლას. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და ის ძალიან ბედნიერია, როგორც მისი სახიდანაც ჩანს“.

ტაბატაძემ „იბერიას“ მაისურით ჩატარებულ 191 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. იურიმ „იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, ორჯერ საქართველოს თასის და ერთხელ სუპერთასის მოპოვებაც შეძლო. მას თბილისური კლუბის გარდა, მცირე ხნით "ზლატე მორავცეში" აქვს ნათამაშები. „კადისი“ ლა ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც ორი ტურის შემდეგ 4 ქულა მოიპოვა, 31 აგვისტოს კი „ალბასეტეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088323