ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან მატჩის (69:83) შემდეგ ისაუბრა.
იტალიელმა სპეციალისტმა პირდაპირ თქვა, რომ მეტოქემ მის გუნდს აჯობა და გამარჯვება დაიმსახურა.
„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს და მათ მწვრთნელს. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, რომლებიც NBA-სა და ევროლიგაში თამაშობენ. მათ დაიმსახურეს გამარჯვება.
ჩვენი მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩემი ბრალია, რომ ვერ შევძელი ჩემი მოთამაშეებისთვის იმის ჩვენება და დარწმუნება, რომ ეს გუნდი ჩვენზე ბევრად დიდი და ფიზიკურად ძლიერია. დამატებითი ძალისხმევა გვჭირდებოდა მათთან შესახვედრად და ვერ გავაკეთეთ ეს. მათ 16 მოხსნით გვაჯობეს, ეს ჩემი ბრალია. ასევე, ამ დონის მატჩისთვის საჭირო დისციპლინით ვერ ვითამაშეთ. მესმის, რომ გუნდის ნახევარი ამ დონეზე პირველ მატჩს ატარებს, მაგრამ ამაზე უკეთესად თამაში შეგვიძლია. ჩვენ ნამდვილად უკეთესები ვართ. ვეცადეთ, რაღაცები გაგვეკეთებინა, რომ მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა, ბოლოს ქამბექთან ახლოს ვიყავით, მაგრამ მატჩი საქართველოსთვის არასდროს ყოფილა საფრთხეში. უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვება მივულოცოთ, ახლა შემდეგ მატჩზე ვიფიქრებთ.
ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. კონკურენცია გაცილებით რთული და დაძაბულია, მოწინააღმდეგეები 100%-ით იხარჯებიან და თქვენც უნდა უპასუხოთ. საქმე ოპტიმისტურობაში ან პესიმისტურობაში არ არის: უნდა წამოდგე, მოემზადო და იფიქრო შემდგომ ბრძოლებზე“, - თქვა სკარიოლომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე იტალიასთან გამართავს.