„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა კლუბში გადავიდეს.
ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ მონაკოში, სადაც „ვილიარეალის“ ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის, ხოლო „ლიონის“ ბოსები ევროპა ლიგის წილისყრის გამო არიან, იგეგმება შეხვედრა გიორგის ტრანსფერზე. „ლიონი“ ამ სიტუაციას მოლაპარაკებებისთვის იყენებს.
ფრანგული გამოცემა ასევე წერს, რომ დაინტერესებულია ინგლისური „ბარნლიც“, რომელსაც „ლიონის“ მოთხოვნილი 35 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია და საუდის არაბეთის კლუბიც.
„ლიონს“ იდეალურ შემთხვევაში სურს თავისი მთავარი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ვადის მოახლოებასთან ერთად, კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვიდან 40 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლები უნდა მოიზიდოს, რათა DNCG-სა და უეფასთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს. ეს ნიშნავს, რომ მიქაუტაძე, მალიკ ფოფანას მსგავსად, გაიყიდებოდა, თუ მოთამაშეზე კარგი შეთავაზება ექნებოდა. ფოფანას სანაცვლოდ „ევერტონიდან“ კარგი შეთავაზება იყო, თუმცა ბელგიელმა ფეხბურთელმა მერსისაიდში გადასვლაზე უარი თქვა. მიქაუტაძე ამჟამად წასვლის მთავარი კანდიდატია და „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის წილისყრას იყენებს „ვილიარეალთან“ მოსალაპარაკებლად, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. ორ კლუბს შორის პირველი შეხვედრა მონაკოში უახლოეს საათებში გაიმართება.
„ლიონი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს. „ვილიარეალი“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც მის შეძენას ცდილობს. ფორვარდის ყიდვას ინგლისური „ბარნლიც“ ცდილობს და ინგლისელებს ამ თანხის გადახდა შეუძლიათ. რბოლაში ასევე მონაწილეობს საუდის არაბეთის ერთი კლუბი, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი“, - წერს L’Equipe.
აღსანიშნავია, რომ თუ "ვილიარეალი" მინიმუმ 30 მილიონ ევროდ იყიდის მიქაუტაძეს, ის ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. ამჟამად "ვილიარეალის" ყველაზე ძვირადღებული შენაძენი რენატო ვეიგაა, რომლის სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ 28 მილიონი გადაიხადა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა.