ალმატის „კაირატი“ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია და წინ ნამდვილად საინტერესო თავგადასავალი ელოდება.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ არა მარტო: მაგალითად, ყაზახეთის ჩემპიონმა ოთხი საგარეო მატჩის სათამაშოდ (ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად) მთლიანობაში 44.982 კილომეტრი უნდა დაფაროს, რაც ძალიან ბევრია. თავად განსაჯეთ რამდენად ბევრია, რადგან დედამიწის ეკვატორის გასწვრივ შემოვლას ამაზე ნაკლების, 40.075 კილომეტრის დაფარვა სჭირდება. „კაირატს“ საგარეო მატჩები ლისაბონში, ლონდონში, კოპენჰაგენსა და მილანში ელოდება.
გარდა ამისა, ყველაზე ხანგრძლივი ფრენაც მოუწევს ლისაბონში ჩასასვლელად. ალმატიდან პორტუგალიის დედაქალაქამდე 8 500 კილომეტრია, შედეგად, ყაზახურმა გუნდმა 11 საათი უნდა იფრინოს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იქნება.
შეგახსენებთ, რომ „კაირატი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც საკუთარ მოედანზე „რეალს“, „ბრიუგეს“, „ოლიმპიაკოსს“ და „პაფოსს“ შეხვდება, ხოლო სტუმრად „სპორტინგს“, „ინტერს“, „კოპენჰაგენსა“ და „არსენალს“. ყაზახური კლუბის რიგებში გიორგი ზარია და ლუკა გადრანი თამაშობენ.