ფეხბურთი

13:53 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება ყველასთვის, ვინც ამას იმსახურებს"
"რთული შესარჩევი ციკლი გველოდება, მაგრამ წარმატების პოტენციალი გვაქვს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს რთული მატჩები ელოდება, მაგრამ წარმატების პოტენციალი აქვს.

ნიკა კვეკვესკირის შესახებ

„ფეხბურთელი თვითონ გრძნობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ვულოცავ მას წარმატებულ კარიერას, საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რაც არასდროს დაგვავიწყდება და ამ მხრივ, მეც და ყველა გულშემატკივარიც მასთან ვალში ვიქნებით. მნიშვნელოვან წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ახლა მისი ახალი ეტაპი სამწვრთნელო კარიერა იქნება, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება“.

თურქეთთან მატჩზე

„ბოლო წელიწადნახევარში ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან ძლიერი და ამბიციური გუნდია, მაგრამ გვაქვს ის პოტენციალი, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. სექტემბრის თამაშები შედარებით ყოველთვის რთულია, რადგან ახალი სეზონის დასაწყისია, თუმცა წარმატების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს".

მთავარია მიდგომა

"ჩემი აზრით, ის ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ, როგორ შეასრულებენ ჩემს დავალებებს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკა. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მივუდგეთ ამ ორ მატჩს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ ტაქტიკით ვითამაშებთ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, თუ რაიმე სიახლე იქნება. ვაცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ ამ მატჩებში, არამედ ზოგადად საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან რთული დავალება გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ დაცვით სისტემასთან დაკავშირებით, გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობა სასურველი შედეგის მისაღწევად".

ლომინაძე და აბუაშვილი

"ნაკრებში მოსვლის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციას. ლომინაძე კარგა ხანია ნაკრებში გამოძახების კანდიდატი იყო, მაგრამ რადგან 21-წლამდელებში თამაშობდა, აქამდე ვერ შედგა მისი დებიუტი. რაც შეეხება აბუაშვილს, მას ნაკლებად წარმატებული პერიოდი ჰქონდა პორტუგალიაში, მაგრამ ახალი გამოწვევა და ახალი შანსი მიეცა, ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვეძახებინა. იყო სხვა ფეხბურთელების ვარიანტებიც, რომ გამოგვეძახებინა, მაგალითად, გიორგი კვერნაძე, რომელსაც მომავალში ექნება შანსი, მაგრამ ამ ეტაპზე ვამჯობინეთ, რომ აბუაშვილისთვის მიგვეცა შანსი. ზოგადად, ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება ყველასთვის, ვინც ამას იმსახურებს. ეს ყოველთვის იყო ჩემი დევიზი და მომავალშიც იქნება სიახლეები, რადგან უკვე მიდის თაობათა ცვლა და გუნდის გადახალისებაც ბუნებრივი პროცესია".

მეკარეების უთამაშებლობა

"ჩაკვეტაძე აპრილის შემდეგ ვერ თაშობს, ეს არის სიტუაცია, რაზეც მე არანაირი კონტროლი არ გამაჩნია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ფეხბურთელების დახმარებით მივაღწიოთ შედეგს. იგივე ეხება ლაშა დვალს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს ეხებათ მეკარეებს, მამარდაშვილს და გუგეშაშვილს, რომლებიც კლუბებში ვერ თამაშობენ. მეკარისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ინტენსიურობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მოედნის მოთამაშისთვის, მაგრამ თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, ეს ჩვენთვის დიდ პრობლემად იქცევა. იმედი მაქვს, მომავალში მათ მეტი სათამაშო დრო მიეცემათ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092238