კალათბურთი

18:30 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე: "წინ ორი ფინალი გვაქვს და მზად ვიქნებით"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ საბერძნეთთან მატჩის (53:94) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, წინ ორი ფინალია დარჩენილი და ისინი ამ შეხვედრებისთვის მზად იქნებიან:

„თამაში მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამას ველოდით, რადგან გვქონდა რამდენიმე ტრავმა, მიკროტრავმები, სერიოზული არაფერი. მწვრთნელი უფრო მეტს იტყვის, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს დრო მოთამაშეების გამოჯანმრთელებისთვის გამოგვეყენებინა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება, ფაქტობრივად ორი ფინალი. ვაკეთებთ იმას, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი და ვფიქრობ, ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. ხვალ დავისვენებთ და მზად შევხვდებით მომდევნო ორ მატჩს.

ახლა ორი ფინალი გვაქვს, პირველი ფინალი კვიპროსთანაა. საერთოდ არ გვაინტერესებს, ვინ არის ფავორიტი და ვინ არა. ყველაფერს ვდებთ თამაშში, რადგან კარგად ვიცით, თუ რა დევს სასწორზე. კვიპროსთან ჩვენი პირველი ფინალია და შემდეგ მეორე ფინალი გველოდება. მნიშვნელობა არ აქვს ფავორიტები ვართ თუ არა. ჩვენ უკვე ვიცით, რა გვაქვს დაგეგმილი და გეგმას ბოლომდე გავყვებით“, - თქვა სანაძემ.

საქართველოს ნაკრები ერთი მოგებით და ორი წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 2 სექტემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე მასპინძელს და აუტსაიდერს, კვიპროსს შეხვდება. ბოლო ტურის მატჩი ჯიკიჩის გუნდს 4 სექტემბერს, ბოსნიასთან ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090607