მაშინ როდესაც ევროტურნირებზე ფლეი-ოფის ეტაპიდან ჯგუფებში გამსვლელი გუნდები ბეჩავად წვალობდნენ, ოკეანისგაღმა საკლუბო ფეხბურთის მთავარი ტურნირი ფრთებს შლიდა და კოპა ლიბერტადორესზე ისეთი მეოთხედფინალური წყვილები მივიღეთ, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ნაღდი ქომაგის გულს რომ გაუხარდება. მართალია, წლეულსაც ბრაზილიელების და არგენტინელების დომინაციაა, მაგრამ მარაქაში გარეული ერთადერთი ეკვადორული გუნდიც ისეთ იღბლითმოსილ იშტაზეა, წინასწარ მისი ჩამოწერა არ ივარგებს.
ეკვადორული „ლ.დ.უ.კიტო“ ბრაზილიურ „სან პაულოს“ შეხვდება. ეკვადორული გუნდი ყოველთვის გამოირჩევა სახლში თამაშის უპირატესობით, რასაც მნიშვნელოვანწილად ბუნებრივი პირობები განაპირობებს. ქალაქ კიტოში 2800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სტადიონზე ჩატარებული მატჩები ბევრ მეტოქეს უქმნის ელემენტარული სუნთქვის პრობლემას. გუნდის ბრაზილიელმა მწვრთნელმა ტიაგო ნუნიესმა სწორედ ამ „სიმაღლის ეფექტზე“ დაამყარა იმედი, რამაც არაერთხელ გაუმართლა. თან თუ ეკვადორელთა არგენტინელი ფორვარდი ლისანდრო ალზუგარაიც იქნება გოლის გატანის ხასიათზე, არაფერია გამორიცხული.
„სან პაულუ“ კი ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და წლეულს საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება. ჰყავს როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები (რუან ფრანცისკო, ანდრე სილვა, ჩილელი გონსალო ტაპია), ისე გამოცდილი ვარსკვლავები (თუნდაც მხოლოდ ლუკას მოურას და ლუის გუსტავოს სახელები რად ღირს), რომლებმაც დიდ ტურნირებზე გამოსვლისა და, რაცმთავარია, იქ გამარჯვების გემო იციან.
ამ წყვილში ბრაზილიელებს რათქმაუნდა მეტი შანსი აქვთ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ნუ ვიჩქარებთ და ნუ ჩამოვწერთ ეკვადორელებს.
არგენტინული „რივერ პლეიტისა“ და ბრაზილიური „პალმეირასის“ დაპირისპირება თავისუფლად შეიძლება ნაადრევ ფინალადაც კი ჩავთვალოთ. „რივერი“ და „პალმეირასი“ ბოლო წლებში ყველაზე სტაბილური კლუბებია კონტინენტზე და ეს არაერთხელ დამტკიცდა: „რივერი“ 2023 წელს არგენტინის ჩემპიონი, ანუ „პროფესიონალთა ლიგის“ გამარჯვებული გახდა, 2024 წელს კი არგენტინის სუპერთასი აიღო; ბრაზილიელმა „თეთრ-მწვანეებმა“ კი 2023 წელს ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგეს, 2024 წელს მეორე ადგილზე გავიდნენ და ამავე წელს აიღეს ბრაზილიის თასი და სუპერთასი.
„რივერი“ კვლავინდებურად თამაშობს ტექნიკურ და აგრესიულ ფეხბურთს, ლეგენდარულ „მონუმენტალზე“ გადარეული გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა კი, ნებისმიერი მეტოქისთვის დიდი გამოცდაა.
„პალმეირასი“ ბოლო 5 წელიწადში თითქმის მუდმივად გადის კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალში. მისი საფეხბურთო სისტემა და ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა სამხრეთ ამერიკაში და მქონდა ბედნიერება, ეს საკუთარი თვალით მენახა წლეულს, თებერვალში.
მეოთხედფინალებში ვიხილავთ უცნაურ და დამაინტრიგებელ არგენტინულ დერბის, „ველეჟ სარსფილდსა“ და „რასინგს“ შორის.
„ველეჟი“ ბოლო წლებში საოცარ პროგრესს განიცდის და ნიჭიერი მწვრთნელის გუსტავო ბაროს შელოტოს ხელმძღვანელობით ცდილობს კვლავ დაიბრუნოს ძველი დიდება. შარშან არგენტინის ჩემპიონობასაც კი უწიეს, რაც მათთვის უდიდესი მიღწევაა. სარანდელებს ჩემპიონობის გემო 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ არ უგემიათ. ტაბიას ანდრადასა და ბრაიან რომეროს შემტევი არგენტინული ტანდემი ამ გუნდის ცალკე ჯოკერია, რომელიც შელოტოს „სახელოში“ მუდამ ჩამალული აქვს.
„რასინგს“ კი, მთელს არგენტინაში ერთ-ერთი ყველაზე შეშლილი ფანები ჰყავს და მათი ფანკლუბი, სახელად „ლა აკადემია“, ყოველთვის დიდი ძალა იყო. ბევრი ფიქრობს, რომ ამ კლუბის მთავარი „ჯოკერი“ სწორედ ქომაგია და მათ არგენტინის შარშანდელ ჩემპიონთან შანსი არ აქვთ, თუმცა, ასე ნამდვილად არ ფიქრობენ „თეთრ-ცისფერების“ ემოციური მწვრთნელი გუსტავ კოსტასი და ადრიან ემანუელ მარტინესი, რომელიც ურუგვაელ მარტინ ბალბოასთან ერთად „რასინგის“ მთავარი შემტევი ძალაა.
განსაკუთრებულად დამაინტრიგებელი იქნება ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და არგენტინული „ესტუდიანტესის“ შეხვედრა. არგენტინულ-ბრაზილიური დაპირისპირებები ხომ ისედაც მუდამ საინტერესოა ხოლმე.
„ფლამენგო“ ბოლო წლებში ლიბერტადორესის თასის „სუპერგმირი“ გახდა და მასთან დაპირისპირება არავის სურს. ბოლო დროს ამ კლუბმა მიიზიდა სამხრეთ ამერიკისთვის განსაკუთრებულად დიდი ფინანსური რესურსები, შეიძინა საუკეთესო ვარსკვლავები, ამას ემატება რიო დე ჟანეიროელი ფანების არმია და ჩვენს წინაშეა კლუბი, რომელსაც სამხრეთ ამერიკის „მადრიდის რეალი“ შეიძლება ეწოდოს.
მეორე მხარეს კი, დგას ქალაქ ლა პლატას „ესტუდიანტესი“ - ტრადიციული არგენტინული კლუბი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად იმისა, რომ „ფლამენგო“ ერთი შეხედვით, უაპელაციო ფავორიტია, თავისი „ბებერი მგლით“ - ბრუნო ენრიკეთი და არგენტინელი ნიკოლას დე ლა კრუზით „ესტუდიანტესი“ მისთვისაც კი ძალიან უხერხული მეტოქე იქნება და თუკი ისტორიას გადავხედავთ, ხშირად სწორედ ასეთ გუნდებთან მარცხდებიან გრანდები. მით უმეტეს, რომ „ესტუდიანტესის“ ლეგენდარულ 39 წლის მეკარეს, ურუგვაელ ფერნანდო მუსლერას ამბიციები ჯერ კიდევ არ განელებია.
კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 18-19 სექტემბერს გაიმართება. იქამდე კი, მთელი კონტინენტი იქნება ფიქრსა და განსჯაში, წლეულს ვინ იპირველებს მათ კლუბებს შორის. კვლავ გაგრძელდება ბრაზილიელების დომინაცია თუ არგენტინელები და კინკილა ეკვადორული კლუბიც გამოიდებენ თავს...
პასუხგაუცემელი კითხვები კოპას არასდროს აკლია.