ფეხბურთი

22:00 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ სექტემბრის მატჩების შეკრების დაწყების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს:

"ჯგუფში ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან რთული და ჩვენთვის უხერხული მეტოქე გვყავს. რაც შეეხება თურქეთს და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველა ნაკრებთან რთულია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურ დონეზე უნდა ითამაშოს წარმატებას რომ მივაღწიოთ. თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. მეტოქეს კარგად ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატიდან. ჩვენი მეზობლები არიან და განსაკუთრებული თამაში იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგ გარემოს შექმნიან, დაგვეხმარებიან და კარგ სტარტს ავიღებთ.

რთული იქნება ბულგარეთთან მატჩიც. მოკლე დროში გვიწევს ორი თამაშის ჩატარება. თუმცა, პირველ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, მეორე თამაშს დადებითი ემოციებით შევხვდებით და უნდა მოვახერხოთ გამარჯვების მოპოვება.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან კარგია, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობენ. სანაკრებო დონეზე გამოცდილება აუცილებელია და სწორედ ევროტურნირებზე თამაშით იძენენ ამ გამოცდილებას. ნაკრებისთვის ძალიან კარგია, რომ ტოპ ლიგებში გვყავს ფეხბურთელები. ამიტომ, კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ თამაშები და მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რაც ძალიან რთული გზა იქნება", - თქვა კაშიამ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092172