ფეხბურთი

2:34 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ყველაზე გამორჩეული ტრანსფერები

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რომლის ბოლო დღე ტრადიციულად დატვირთული და მნიშვნელოვანი გამოდგა.

აქ წარმოგიდგენთ ყველა მნიშვენლოვან გარიგებას, რომელიც ბოლო 24 საათში განხორციელდა.

1 სექტემბრის მთავარი ტრანსფერი ქართული ფეხბურთისთვის ცხადია, „ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის გადასვლა იყო, რომელმაც ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია (36 მილიონი ევრო).

კიდევ ერთმა ქართველმა შეიცვალა ბოლო დღეს კლუბი: ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოდან" იჯარით ესპანურ "გრანადაში" გადაბარგდა.

"ვილიარეალმა" "ტოტენჰემიდან" მანორ სოლომონის იჯარით გადაბირებაც მოახერხა.

ალექსანდერ ისაკი „ნიუკასლიდან“ „ლივერპულში“ 144 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. ფეხბურთელმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონ მორაეში სტამბოლის "ფენერბაჰჩეში" გადავიდა, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სამაგიეროდ, "მანჩესტერ სიტიმ" ჯანლუიჯი დონარუმა იყიდა. ინგლისელებმა პსჟ-ს 25 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო იტალიელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. დონარუმას ხელფასი სეზონში 15 მილიონი ევრო იქნება.

„ლივერპულის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰარვი ელიოტი კი „ასტონ ვილას“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ბირმინგელებმა მის გარდა, „მანჩესტერიდან“ ჯეიდონ სანჩო დაიმატეს, ისევე, როგორც „მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ლინდელოფი, ოღონდ, შვედი - უფასოდ.

„მანჩესტერმა“ სანჩოს გარდა, ანტონის გაყიდვაც მოახერხა, რომელიც სევილიის „ბეტისში“ დაბრუნდა. სევილიელებმა "ფენერბაჰჩედან" სოფიან ამრაბატიც დაიმატეს.

სამაგიეროდ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 23 წლის ბელგიელი მეკარე სენე ლამენსი „ანტვერპენიდან“ დაიმატა, რომელსაც 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გაძლიერდა „სოსიედადიც“, რომელმაც პსჟ-დან კარლოს სოლერი დაიმატა.

სოლერი ერთადერთი არაა, ვინც პსჟ დატოვა: რანდალ კოლო მუანი იჯარით ლონდონის „ტოტენჰემს“ შეუერთდა, ხოლო მარკო ასენსიო კარიერას „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.

ესპანელის გარდა, „ფენერმა“ „ბენფიკადან“ კერემ აკტურკოღლუ შეიძინა.

ტურინის „იუვენტუსმა“ კოლო მუანის ტრანსფერზე პსჟ-სთან შეუთანხმებლობის შემდეგ „ლაიფციგიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით „ლაიფციგიდან“ ბელგიელი თავდამსხმელი ლოის ოპენდა გაიფორმა.

ტურინულმა გრანდმა ბოლო დღეს ოპენდას გარდა, ედონ ჟეგროვაც დაიმატა, რომლის შეძენა „ლილიდან“ 17 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

მილანის „ინტერმა“ დაცვის ცენტრში ცვლილება განახორციელა: ბენჟამინ პავარი იჯარით „მარსელში“ გაუშვა, ხოლო „მანჩესტერ სიტიდან“ მის ნაცვლად ასევე იჯარით მანუელ აკანჯი დაიმატა.

გაძლიერდა „მილანიც“, რომელმაც 10 მილიონ ევროდ „მარსელიდან“ ადრიენ რაბიო შეიძინა, ხოლო 7 მილიონი გადაუხადა „ვოლფსბურგს“ ცენტრალურ მცველში, დავიდ ოდოგუში.

„როსონერის“ ამერიკელი ნახევარმცველი იუნის მუსა კი იჯარით ბერგამოს „ატალანტას“ შეუერთდა.

„მილანმა“ მუსას გარდა გუნდიდან სამუელ ჩუკვუეზეც გაუშვა, რომელიც ლონდონის „ფულჰემში“ იჯარით გადავიდა.

ბოლო დღეს უქმად არ ყოფილა იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლიც“, რომელმაც იჯარით „ლაიფციგიდან“ ელიფ ელმასი დაიბრუნა, ხოლო „მანჩესტერიდან“ ასევე იჯარით რასმუს ჰოილუნი გადაიბირა.

გაძლიერდა საბა გოგლიჩიძის „უდინეზეც“, რომელმაც „მეციდან“ იდრისა გეიე, „გალათსარაიდან“ ნიკოლო ძანიოლო და „ნაპოლიდან“ ალესანდრო ძანოლი ინათხოვრა.

სერია A-ს შეუერთდა ჯეიმი ვარდიც. „ლესტერის“ ლეგენდა უფასოდ „კრემონეზემ“ დაიმატა.

„ლაიფციგმა“ ლოის ოპენდა კონრად ჰარდერით შეცვალა, რომლის სანაცვლოდ „სპორტინგს“ 30 მილიონ ევრომდე გადაუხადა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „არსენალიდან“ ფაბიო ვიეირა დაიმატა.

თავის მხრივ, „არსენალმა“ 55 მილიონად „ლევერკუზენიდან“ პიერო ინკაპიე შეიძინა.

„ლევერკუზენმა“ ინკაპიეს გარდა ვიქტორ ბონიფეისიც დაკარგა, რომელიც ბრემენის „ვერდერს“ შეუერთდა.

„არსენალმა“ პოლონელი ცენტრალური მცველი იაკუბ კივიორი პორტუგალიურ „პორტუში“ გაანათხოვრა.

ვეტერანი ესპანელი მცველი რაულ ალბიოლი თავისუფალი აგენტის სტატუსით სერია A-ს ბინადარ "პიზას" შეუერთდა.

„მარსელმა“ ადრიენ რაბიო „მილანში“ გაყიდა, მაგრამ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა: „ბრაიტონიდან“ მეტ ორაილი, „ვესტ ჰემიდან“ ემერსონი და ნაიეფ აგერდი, ხოლო „ინტერიდან“ ბენჟამინ პავარი.

ტურინის „იუვენტუსმა“ ჟეგროვას და ოპენდას დამატების პარალელურად, ნიკო გონსალესი გაასხვისა, რომელიც იჯარით და გამოსყიდვის უფლებით მადრიდის „ატლეტიკოში“ გადაბარგდა.

„ნოტინგემ ფორესტმა“ „არსენალიდან“ ოლეკსანდრ ზინჩენკო და „სტრასბურიდან“ დილან ბაკვა დაიმატა.

„ვალენსიამ“ გაძლიერება „ფიორენტინადან“ არგენტინელი ფორვარდის, ლუკას ბელტრანის დამატებით მოახერხა.

"კომომ" ფენერბაჰჩედან" დიეგო კარლოსი და "ბოლონიადან" სტეფან პოში დაიმატა.

"სევილიას" თავდამსხმელი დოდი ლუკებაკიო ლისაბონის "ბენფიკაში" გადავიდა.

"რენმა" "მონაკოდან" ბრილ ემბოლო დაიმატა.

"ატლეტიკომ" "სლასკიდან" არნაუ ორტისი გადაიბირა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

0.094797