კალათბურთი

21:00 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

32 ქულით კვიპროსთან: საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე თამაში მოიგო
თორნიკე შენგელიამ და გოგა ბითაძემ შესანიშნავი თამაში ჩაატარეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე მეოთხე ტურში მასპინძელი კვიპროსი მოლოდინისამებრ ძალიან ადვილად, 93:61 დაამარცხა და ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფიდან გასვლისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრა ქულა-ქულაში დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა თავიდან ვერ მოახერხა გაქცევა, რადგან შეცდომები ბევრი იყო და პირველი პერიოდი მხოლოდ 15:13 მოიგო. სამაგიეროდ, მეორე პერიოდში, განსაკუთრებით, დასკვნით ფაზაში ჯიკიჩის გუნდის უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და მატჩის ბედიც მაშინ გადაწყდა. მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და მეოთხედი 27:13 მოიგო, შესაბამისად, დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა. შესანიშნავი ტაიმი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 18 ქულის ჩასაგდებად მხოლოდ ორი პერიოდი იკმარა და 4-დან 4 სამქულიანიც მოათავსა კალათში.

მატჩის ბედი რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი იყო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ენერგია დაზოგა, ლიდერებმაც დაისვენეს, მაგრამ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ჯიკიჩის შეგირდებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს და საბოლოოდ, 32 ქულის სხვაობით, 93:61 გაიმარჯვეს.

საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 26 წუთში 27 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. მან 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ, რომელმაც არასრულ 23 წუთში 21 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, სანდრო მამუკელაშვილს 26 წუთში 5 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა, დუდა სანაძის აქტივში 27 წუთში 10 ქულა და 6 პასია, კამარ ბოლდუინი 8 ქულით და 6 პასით გამოირჩა, ხოლო გიორგი შერმადინის აქტივში 6 ქულა იყო. 5-5 ქულა მიითვალეს კახაბერ ჯინჭარაძემ და ბექა ბურჯანაძემ, ორ-ორი ქულა გიორგი კორსანტიამ, გიორგი ოჩხიკიძემ კი - 4 ქულა.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ C ჯგუფში 2 მოგება (ესპანეთსა და კვიპროსთან) და 2 წაგება (იტალიასა და საბერძნეთთან) აქვს, ბოლო ტურში კი, 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე უშუალო კონკურენტ ბოსნიას (2-2) შეხვდება. ამ მატჩის მოგებით საქართველო ჯგუფიდან აუცილებლად გავა, მაგრამ შეიძლება მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს, თუ ესპანეთი დარჩენილ ორ მატჩს წააგებს (იტალიასა და საბერძნეთთან).

კვიპროსი - საქართველო 61:93 (13:15, 13:27, 15:26, 20:25)

სტატისტიკა სრულად...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096749