ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის ოთხი ტური მიილია და საქართველოს ნაკრები საკმაოდ ახლოსაა მერვედფინალთან, თუმცა ჯერ განაღდებული არაფერი აქვს.
ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გადამწყვეტი მატჩია, როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქისთვის.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველო 2 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა (იგივე ბალანსი აქვთ ესპანეთსა და ბოსნიას), კვიპროსი უშანსოდაა (0-4), საბერძნეთი და იტალია ჯგუფიდან უკვე გავიდნენ (3-1), მაგრამ პირველი ადგილი მათ შორის უნდა გათამაშდეს.
4 სექტემბერს, ბოლო ტურში იტალია კვიპროსს ეთამაშება და აშკარაა, რომ დაამარცხებს. ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოა, მისი შედეგი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის შედეგზე ვერავითან გავლენას ვერ მოახდენს, სამაგიეროდ, ესპანეთი-საბერძნეთის შედეგი საქართველოსთვისა მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრები ბოსნიას თუ დაამარცხებს, ჯგუფიდან აუცილებლად გავა, საკითხავი იქნება მხოლოდ ის, თუ რომელი ადგილით. გარდა ამისა, შეიძლება წაგებითაც გავიდეს ჯგუფიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში საბერძნეთის გამარჯვება დასჭირდება.
არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ასეთია:
საქართველო თუ მოიგებს ჯგუფიდან გავა (3-2 ბალანსით). თუ პარალელურად საბერძნეთი მოიგებს, ჯიკიჩის გუნდი მესამე ადგილს დაიკავებს.
საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გავა, თუ ესპანეთი საბერძნეთს დაამარცხებს.
საქართველოს ნაკრები თუ დამარცხდება, ხოლო საბერძნეთი ესპანეთს აჯობებს, ჯიკიჩის გუნდი ჯგუფიდან მაინც გავა, მეოთხე ადგილით.
ბოლო ვარიანტი ყველაზე არასასურველია: საქართველო მარცხით და ესპანეთის გამარჯვებით, მეხუთე ადგილს დაიკავებს და ჯგუფში ჩარჩება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნიას მატჩი 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.